ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ადამიანებს მოგზაურობა გაუძვირდებათ – Via Travel

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობა მნიშვნელოვნად გაძვირდება, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია Via Travel-ის დამფუძნებელმა, ნინო ნამგალაძემ BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის წლებში, ადამიანებს მოგზაურობის დაგეგმვაში თავისუფლება მიეცათ, რაც ვიზების საჭიროების აღდგენის შემთხვევაში სერიოზულ პრობლემად იქცევა.
„დღეს, ადამიანები ავიაბილეთებს 8-9 თვით ადრე აპლიკაციით ყიდულობენ და ევროპაში პირდაპირი რეისით მიემგზავრებიან. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, მოგზაურობა ძალიან გაძვირდება – დაწყებული ვიზის მოსაკრებლით, დამთავრებული ავიაბილეთებით“, – აღნიშნა ნამგალაძემ.
მისი თქმით, შენგენის ვიზაზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ 6 თვით ადრეა შესაძლებელი, რაც მგზავრობას კიდევ უფრო ართულებს. გარდა ამისა, თვითმფრინავის ბილეთების ის ხელმისაწვდომი ფასები, რასაც მომხმარებლები ირჩევდნენ, ვეღარ შენარჩუნდება.
„იქნება სეგმენტი, რომელიც ფრენის გაძვირებას გაუმკლავდება, და მეორე სეგმენტი, რომელსაც მოგზაურობა უბრალოდ აღარ შეეძლება, რადგან ვეღარ მიიღებს ვიზას“, – აცხადებს ნამგალაძე.
რაც შეეხება ალტერნატიულ მიმართულებებს, ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზიის ზოგიერთ ქვეყანასთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს, მანძილისა და ბილეთის ფასების გამო აზიური ტურიზმი მაინც ძვირი სიამოვნებაა : „აზიის მიმართულებებზე ფრენა შორია და არც ერთი ავიაკომპანია არ მისცემს თავს უფლებას, რომ ავია ბილეთი 50 ევროდ გაყიდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგზაურობა უფრო ძვირი გახდება“, – ამბობს ნამგალაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს.