“ვიდრე ექსპორტს “წავეპოტინებით”, ქართულ ჩაის რეპუტაცია ქვეყანაში უნდა შევუქმნათ” – “კონა”

ქართული ჩაის ბრენდ “კონას” დამფუძნებელი, ნატალია ფარცხალაძე BM.GE-სთან “ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას” აფასებს და აღნიშნავს, რომ მაღალხარისხიანი ნედლეულის წარმოება ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ბაზარზე მოთხოვნა საკმარისი არ არის.
“რეალობა ასეთია – ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის დაწყების შემდეგ, ახლა არის მომენტი, როდესაც შედეგებს ვიმკით: 10 წლის წინ პრემიუმ ჩაი საქართველოში იმდენად დეფიციტური იყო, რომ ექსპორტზე გასატანად კი არა, ჩემთვის საკმარის ნედლეულს ძლივს ვშოულობდი. ახლა, ბოლო რამდენიმე წელიწადში, რაც რეაბილიტირდა პლანტაციები, ძალიან შეიცვალა სურათი, ეს ძალიან კარგია. კარგი ჩაის წარმოება დავიწყეთ და მისი მოცულობა ძალიან, ალბათ 10-ჯერ მაინც გაიზარდა 10 წელიწადში.
თუმცა პრობლემა ისაა, რომ წარმოებაში ფული მყისიერადაა საჭირო – სამუშაო სეზონურია, გაზაფხულზე ფული თუ არ გაქვს, 1 კგ ჩაის ფოთლის დაკრეფაში 5 ლარი უნდა გადაიხადო, 1 კილო ჩაის დასამზადებლად კი 5 კგ ფოთოლი გჭირდება – ესეც 25 ლარი – მხოლოდ ნედლეულში. წარმოებასაც თავისი ხარჯი აქვს და უკვე სერიოზული დანახარჯები გაქვს. როდესაც უკან არ გიდგას გარანტირებული ბაზარი, ყველა ცდილობს, იმაზე მცირე წარმოება ჰქონდეს, ვიდრე შეუძლია – შესაბამისად, დღეს რა წარმოებაც არის საქართველოში, ეს შესაძლებლობის მინიმუმია”, – ამბობს ნატალია ფარცხალაძე.
“კონას” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე, მათ შორის ქსელურ მარკეტებში, ქართული ჩაის რეალიზება ჭირს. მისი თქმით, ქვეყანაში ჩაის რეპუტაცია გამქრალია, ბაზარი კი იმპორტული პროდუქტით გაჯერებული, რის გამოც, ექსპორტზე გასვლამდე, კომპანიებმა ცნობიერების ქვეყნის შიგნით გაზრდაზე უნდა იზრუნონ.
“მახსოვს, სულ 15 წლის წინ იყო, როცა ქართული ღვინის ასოციაცია იწყებდა მუშაობას ევროპაში ქართული ღვინის გაყიდვაზე, თვითონ მეღვინეებსაც ეცინებოდათ. მაშინ ძალიან დაბალი ხარისხი ჰქონდა ღვინოს და 7 ლარზე ძვირად იშვიათად თუ გაყიდდა ვინმე, დღეს 40 ლარასაც აღწევს ფასი. სულ რაღაც 15 წელიწადში მოვედით აქამდე, მაგრამ ეს თავისით არ მომხდარა, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დიდი ძალისხმევა ჩაიდო სახელმწიფოს მხრიდან. ჩაი ზუსტად ამ ეტაპზეა ახლა – თავისით არაფერი მოხდება. სახელმწიფო ძალისხმევით, მეტად თუ ნაკლებად, არის მოცემულობა, რომ რაოდენობა გაიზარდა, პლანტაციები არის, გადამუშავების საშუალება არის, მაგრამ გაყიდვები არ არის: წარმოების რაოდენობა და შესაძლებლობა ბევრად უსწრებს მოთხოვნას.
ამიტომ ვფიქრობ, რომ სანამ ექსპორტს წავეპოტინებით, საკუთარ ქვეყანაში უნდა შევქმნათ რეპუტაცია. “რეპუტაციის აღდგენაც” არ იქნება სწორი, რადგან ქართულ ჩაის არ ჰქონია რეპუტაცია, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ხარისხიან ჩაის აწარმოებდნენ, რაც მიდიოდა შემდეგ მაღალჩინოსნებთან, მასობრივი წარმოების ხარისხით კი არ ინტერესდებოდნენ. ამიტომ უნდა დავიწყოთ ქართული ჩაის ისტორიის ახალი სეზონი, და არა ძველის გაგრძელება”, – აღნიშნავს “კონას” დამფუძნებელი.
ფარცხალაძე აღნიშნავს, რომ ქართული ჩაის რეალიზაციისთვის პრობლემურია ჰორეკა სექტორის მიდგომაც, რომელსაც ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ქსელში არ შეაქვს.
“საქართველოში არ არის ჩაიზე ის პატრიოტიზმი, რაც წყალს აქვს. მაგალითად, ჰიპერმარკეტებში ორჯერ უფრო იაფი წყალი რომ შემოიტანო თურქეთიდან, ვერც ერთ ბოთლს ვერ გაყიდი. ყველა ქართულს იყიდის, უცხოური სულ რომ 20 თეთრი ღირდეს. იგივე ღვინოზეც.
ჩაიზე ასე არ არის – ყოველ მეხუთე რესტორანში თუ იქნება ქართული ჩაი, სხვაგან ყველგან “გრინფილდი” უდევთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჩაიდანზე, იმპორტულის ქართულით ჩანაცვლებით, სხვაობა დანახარჯში, შესაძლოა, სულ რამდენიმე თეთრი იყოს. არც ჩაის კულტურაა დიდად საქართველოში, არ არჩევენ კარგს და ცუდს ჩაის, მიუხედავად იმისა რომ ქართული წარმოების ჩაი 6 ლარიანიც იქნება, 26 ლარიანიც და 106 ლარიანიც”, – აცხადებს ფარცხალაძე.
ჩაის მწარმოებელი ამბობს, რომ, ცნობიერების გაზრდის შემდეგ, სექტორს მხოლოდ ქართული ბაზარიც ეყოფოდა შემოსავლის მისაღებად: “ქართული ბაზარი რომ იყოს უფრო ღია საკუთარი კარგი პროდუქტისთვის, მარტო ესეც გვეყოფოდა, ექსპორტი მხოლოდ დანამატი იქნებოდა. ქართული ბაზარია მოსაპოვებელი”.
8 თვეში საქართველომ $1.1 მლნ-ს ჩაი გაყიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა