ვიდეომასალის გავრცელება განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან – უჩა აბაშიძის საქმის პროკურორი

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა,- ამის შესახებ პროკურორმა ანა ხახანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირს შორის ინტიმური კავშირის ჩაწერას.
„მოგეხსენებათ, პროკურატურამ ორ პირს წარუდგინა ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეომასალების უკანონო მოპოვება-შენახვის ფაქტზე. ასევე, ერთ-ერთ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისთვის. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეომასალას, აღნიშნული, ბუნებრივია, განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან“, – აღნიშნა პროკურორმა.
9 მაისს ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ბლოგერსა და სამხედრო ექსპერტს ბრალი ორი მუხლით ოფიციალურად წარუდგინეს. მას გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ახლა უკვე ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ედავება. ამავე მუხლით დაკავებულია ბლოგერისმეუღლე მარიამ იაშვილიც.