ნატო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე გახდა, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის პრესსპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი Telegram-ის არხზე წერს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საფარქვეშ, ფაქტობრივად, ნატო იბრძვის. მანამდე იყვნენ მრჩევლები და ინსტრუქტორები, ახლა არიან დაქირავებულები და მთელი ქვედანაყოფები, რომლებიც იყენებენ ნატო-ს იარაღს. ისინი განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის რომელ ქალაქებზე უნდა მოხდეს თავდასხმა, კოორდინაციას უწევენ სამხედრო მოქმედებებს და გასცემენ ბრძანებებს“, – აღნიშნა ვოლოდინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების განხორციელების საკითხის განხილვით, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ცდილობენ საკუთარ თავს აგრესიული აქტების განხორციელების უფლება მისცენ.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა საბრძოლო მოქმედებებში მათი უშუალო მონაწილეობის შენიღბვისა და დამალვის მცდელობა“, – აღნიშნა ვოლოდინმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნები განიხილავენ არა მხოლოდ კიევის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას, არამედ წყვეტენ, ჩაერთონ თუ არა უშუალოდ უკრაინის კონფლიქტში.