ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
ამ ფორმატის შეხვედრების განახლების სურვილი მათ ოქტომბრის დასაწყისში გამოთქვეს. საქართველოს ხელისუფლებას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ფილია ამბობს, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით “წინ წაიწიეს.”
“ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც მდებარეობს ენგურის ხიდის შემდეგ, ჩვენს საკონტროლო პუნქტთან მისვლამდე. პირველი პუნქტი, სადაც მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს, მთელი საბაჟო სტრუქტურების გადმოკვეთამდე. ზევით მზადდება ზონა, იქ იქნება საკონფერენციო დარბაზი და გაიმართება შეხვედრები. ისე გამოვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაა, მაგრამ ისინი ჩვენთან სრულად არ შემოვლენ. იქ ვეცდებით, რომ ასეთ ფორმატში პრეტენზიები დავაკმაყოფილოთ დავიწყოთ ნორმალური დიალოგი ნორმალური,” – თქვა ფილიამ.
ამასთან, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქართული მხარე შეხვედრების წარმომადგენლებს სთხოვდა, ენგურის ხიდი გადმოეკვეთათ პირადობის მოწმობით, ხოლო მარიონეტებს სურდათ პასპორტების გამოყენება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუბრობდა შესაძლებლობაზე, “გამოენახათ ნეიტრალური ტერიტორია” მდინარე ენგურთან, “გაეშალათ კარავი” და ჩატარებულიყო შეხვედრები.
“ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანაბარი დიალოგისთვის…აი, ამ ჟენევის დისკუსიებმა, მოდი, აქ გადმოინაცვლოს. ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის… იქ, ჟენევაში ვერაფერი გადაწყდება,” – აღნიშნავს ფილია Чегемская правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე მტკიცებით, საქართველოში არსებობენ ძალები, რომელთაც ესმით, რომ “ეს ფურცელი უნდა გადაშალონ” და საქართველოს ხელისუფლება “გზავნის სიგნალებს, რომ არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინაააღმდეგ.” თუმცა, ფილიას თქმითვე, არსებობს “დასავლეთის მიერ დაფინანსებული, ძალიან სერიოზული” ოპოზიცია, რომლის ხელშიცაა “მცირე მოვლენები”.
ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრები, რომლებიც გალში იმართებოდა, 2018 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მასში აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო მონაწილეობდნენ.
IPRM-ის ფორმატის შეხვედრები, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, პერიოდულად იმართება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.