ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ რომ დაიღალნენ უკრაინის ომით, უნდა გვახსოვდეს, უკრაინელები იბრძვიან უაღრესად მნიშვნელოვანისთვის | ტუსკი
პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი მთავრობა დასავლეთისგან უკრაინის დასახმარებლად სრულ მობილიზაციას მოითხოვს.
“მე ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ და ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ უკრაინაში ომით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ომი. რომ უკრაინელები იბრძვიან რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანისთვის, რომ მათი ბრძოლა დაიწყო მაიდანზე, რომ ისინი იბრძვიან დასავლური სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, როგორც დასავლური ქვეყნები და ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან“, – თქვა ტუსკმა.
მისი თქმით, ამ კვირაში მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც შეეცდება დაარწმუნოს მოკავშირეები, დაიცვან უკრაინა – „მხოლოდ ერთიან დასავლეთს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში“, – დასძინა პოლონეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის პარლამენტმა ყოფილ დონალდ ტუსკს, რომელიც ქვეყნის პრემიერი უკვე იყო 2007-2014 წლებში, ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის მანდატი მიანიჭა.
მომავალი ადმინისტრაცია პრეზიდენტის სასახლეში ფიცს ოთხშაბათს დადებს. ეს დაასრულებს მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ რვაწლიან მმართველობას, რომლის დროსაც ქვეყანას არაერთი უთანხმოება ჰქონდა ევროკავშირთან.
ტუსკის ცენტრისტულმა კოალიციამ მანდატების უმეტესობა ოქტომბრის არჩევნებში მოიპოვა.