ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი

4 წევრი ვართ პარტია „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? ჩემს ღირსებას ვინც შეეხება, იმას აუცილებლად მოვთხოვ. „ლელო“ არის ჩემი ოჯახი, როგორც ეს ბიჭები და თქვენ გახდით. არავის ვესხმით თავს და თუკი განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი,- ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხდა.
მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს განცხადების გაკეთების უფლება სთხოვა, რისი ნებართვაც მას მოსამართლემ მისცა.
ვეფხია კასრაძემ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ეხება.
„ქალბატონო თამარ[მოსამართლე], მოგეხსენებათ, პარტია „ლელოს“ წევრი ვიყავი, ახლა გენმდივნის მოადგილედ დავინიშნე. მადლობაც არ გადამიხდია ჩემი გუნდისთვის. ერთი რამე მინდა გითხრათ ჩემო თანაგუნდელებო, ჩემთვის ეს არ იყო სასიხარულო, ნებისმიერი დაწინაურება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს ტვირთი დიდი ხანია ჩემს თავზე მაქვს აღებული, ამას სამშობლოს ტვირთი ჰქვია და ვიბრძვი ჩემი სამშობლოსთვის. გაგიკვირდებათ და 12 წლიდან ვიბრძვი, ჩემთვის პირველ კლასში იფეთქა თავისუფლების სურვილმა, ყელსაბამი დავხიე… ცხინვალის თეატრში მსახიობად მიმიწვიეს, მთავარი როლი ვითამაშე. ჩემს სულში აფეთქება მოხდა, 17 წლის ასაკში ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე, 18 წლის ასაკში რუსულ ჯარში ვიყავი და აჯანყება მოვახდინე, ამას მოჰყვა ქართული გვარდიის შექმნა. ეს რასაც უბრალოდ ვყვები, დიდ თავდადებას მოითხოვდა. 21 წლის ასაკში 3 ომი მქონდა გამოვლილი და 20-ჯერ მაინც აშკარა სიკვდილს ვიყავი გადარჩენილი, ტყვეობაში მომიწია ყოფნა, აღარ ვიტყვი 8 აგვისტოს ომზე, მე გამოვიყვანე მოსახლეობა როცა სამწუხაროდ, იმ ხელისუფლებამ მიგვატოვა. ჩემნაირ ადამიანს მოღალატეს ეძახიან და პარტია „ლელოს” მოღალატეებს ეძახიან თურმე, იმის გამო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას. მამუკას შევფიცე ძმობა და შინდისის გმირების მემორიალთან მაქვს ფიცი მიცემული, რომ ამ ქვეყანას ჭაობიდან გამოვიყვანთ, მზად ვარ, ჩემი სამშობლოსთვის თავი დავდო. აუცილებლად დადგება განაჩენი და ჩვენ მოგვისჯიან, ამისთვის მზად უნდა იყოთ. ვერავის მოვუწოდებ ბოიკოტისთვის და ვერც სთვის, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს და ჩემი პარტიის გვერდით ვიდგები, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. მეც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ამ არჩევნებში მონაწილეობის, მაგრამ როცა და ბადრი ჯაფარიძე დაიჭირეს, დავრწმუნდი, თუკი ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა უნდოდა ხელისუფლებას, არ დააკავებდნენ. 4 წევრი ვართ პარტია “ლელოდან” დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? ჩემს ღირსებას ვინც შეეხება, იმას აუცილებლად მოვთხოვ. „ლელო” არის ჩემი ოჯახი, როგორც ეს ბიჭები და თქვენ გახდით. არავის ვესხმით თავს და თუკი განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი, არ ამალაპარაკონ. არასდროს არავისთვის არაფერი წამომიძახებია.
ისევე მინდა ვუყვარდე ჩემს სამშობლოს, როგორც მე მიყვარს ის. მე ნებისმიერ სტრატეგიას პატივს ვცემ, ხელისუფლების შეცვლის ორი შესაძლებლობაა, არჩევნების და რევოლუციის გზით, დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი არჩევანი ძალიან რისკიანია, მაგრამ ქართველებს უამრავი ბრძოლა გვაქვს ისტორიულად მოგებული, ჩვენ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ. სახელმწიფო გადატრიალებას რა მოყვება, ამაზე იღებს ვინმე პასუხისმგებლობას? არავის მოვუწოდებ ციხეში იჯდეს, ჩვენც არ უნდა ვიჯდეთ, მაგრამ ასე მოგვიწია.
მადლობა უფალს, ერთი ციხე არ მქონდა ნანახი და ესეც ვნახე, ჯოჯოხეთი მაქვს გამოვლილი, მაგრამ არავისთვის მითქვამს, მე ვიბრძოდი და შენ რატომ არაო”,- განაცხადა კასრაძემ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.