ვეფხია კასრაძე გამომძიებელს – არის თუ არა სამსახურებრივი გულგრილობა, როცა ჩემი საუბრის ავთენტურობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა არ ჩაატარეთ? დაუმსახურებლად მიწევს 9 წლამდე პატიმრობა და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

მაინტერესებს, გამოიხატება თუ არა სამსახურებრივი გულგრილობა თქვენს ქმედებაში, რადგან არ ჩაატარეთ ჩანაწერის ექსპერტიზა, დადგენილიყო ჩემი საუბრის ავთენტურობა. დაუმსახურებლად მიწევს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, თუ შეიძლება მითხრათ? – ამ შეკითხვით მიმართა საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ გამომძიებელ ლევან ბასილაძეს.
ვეფხია კასრაძემ, რომელსაც სხვა დაკავებულებთან ერთად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, სასამართლო სხდომაზე გამომძიებელს ჰკითხა, რატომ არ ჩაატარა ექსპერტიზა ვიდეოზე, სადაც გამოძიების მტკიცებით, ვეფხია კასრაძის ხმა ისმის და დანაშაული დგინდება. ბრალდებულის თქმით, ეს ჩანაწერი საერთოდ ყალბია, მაგრამ თუ ნამდვილად მისი ხმა ისმის, მაშინ ამის დასადგენად ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო. მან მოწმეს, გამომძიებელს ჰკითხა, არის თუ არა მისი მხრიდან ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობა ის, რომ ექსპერტიზა არ ჩატარდა ჩანაწერზე.
„6-დან 9 წლამდე შეიძლება დაუმსახურებლად მომისაჯონ. რის საფუძველზე დაადგინეთ, რომ ჩვენ მართლა ვაპირებდით ამ დანაშაულის ჩადენას? რით ადასტურებთ? აქ ხომ სრულად არ არის ექსპერტიზა ჩატარებული? თქვენ რომ ხმასთან დაკავშირებით ჩაგეტარებინათ ექსპერტიზა, კითხვის ნიშნები არ გაჩნდებოდა… მე არ გეუბნებით, რომ თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ. აქ შეცდომაა დაშვებული, რომ არ ჩატარდა ექსპერტიზა… რატომ არ ჩაატარეთ ექსპერტიზა ხმასთან დაკავშირებით?“, – ჰკითხა ვეფხია კასრაძემ მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხულ გამომძიებელს.
ამ კონკრეტულ კითხვას მოწმემ არ უპასუხა, რის შემდეგაც ვეფხია კასრაძემ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა განაგრძო.
„ყველაფერი ნათელია. ფაქტობრივად, მოწმემ არასრულყოფილი ექსპერტიზა ჩაატარა. ვიდეოში მე რომ ვჩანვარ, ამაზე არ ვედავები, მაგრამ მე ვსაუბრობდი თუ არა, ამაზე ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. ჩანაწერი არის ყალბი! ვერც ადასტურებენ, როდის მოხდა ჩაწერა, საერთოდ სად მოხდა ჩაწერა, ამასაც ვერ ადასტურებენ და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ეს გაითვალისწინოთ“, – მიმართა ვეფხია კასრაძემ მოსამართლეს.
ამის შემდგომ მან მოსამართლეს ჰკითხა, „სიტუაციის განსამუხტად, ლექსის წაკითხვის საშუალებას თუ მისცემდა“.
„დაძაბულობა არის და სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ლექსი რომ წავიკითხო შეიძლება? თქვენ რომ მოგიძღვნათ?”, – ჰკითხა მოსამართლეს ბრალდებულმა, რაზეც მოსამართლემ ასე უპასუხა:
„ფორმატი ამის საშუალებას არ გვაძლევს“, – აღნიშნა თამარ მჭედლიშვილმა.
ამასთან, ვიდრე მოწმე გამომძიებლის, ლევან ბასილაძის დაკითხვა დასრულდებოდა, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ლევან ბასილაძის მამა, გია ბასილაძე არის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართული ოცნებიდან“, რაც, ადვოკატის შეფასებით, დასაკითხი პირის ობიექტურობისადმი კითხვებს აჩენს. ადვოკატის განმარტებით,
მნიშვნელოვანია დადგინდეს, ეს მოწმე არის თუ არა პოლიტიკურად მიკერძოებული.
„[ჩანს] მისი ცინიზმი ბრალდებულებთან მიმართებით , მცდელობა აქვს, კითხვებს პასუხი არ გასცეს და თქვას, ის, რასაც პროპაგანდა საუბრობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის არის მიკერძოებული, თუ ობიექტური მოწმე“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
აღნიშნული შეკითხვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვიმლა განარიდა და განმარტა იმ მოტივით, რომ ვინ არის მოწმის ოჯახი და რას წარმოადგენს, საქმესთან შემხებლობაში არ არის.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.