„საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია არა მხოლოდ გააუქმოს, მას უფლება აქვს, 6-თვიანი, თუ 1-წლიანი განხილვის პროცესში, შეაჩეროს გამჭვირვალობის კანონის კონკრეტული გასაჩივრებული ნორმების მოქმედება“, – ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა. ამასთან ერთად, ალაფიშვილმა ისიც გვითხრა, რომ ბოლო წლებში საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი ძალის მიმართ პოლიტიკურად ლოიალურია, ამიტომ იმის ალბათობა დაბალია, რომ მან სადავო კანონი შეაჩეროს, მაგრამ იმის ალბათობა არსებობს, რომ ის ანტიკონსტიტუციურად ცნოს.
„კომერსანტი“ ლევან ალაფიშვილს, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ე.წ. რუსული კანონის გაუქმების სამართლებრივ მექანიზმებზე ესაუბრა.
რა სამართლებრივი გზები შეიძლება არსებობდეს ე.წ. რუსული კანონის გასაუქმებლად, როგორც ადგილობრივი – საკონსტიტუციო, ისე საერთო ევროპულ დონეზე?
ლევან ალაფიშვილი, იურისტი: კანონებთან და ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში, საერთაშორისო სამართალი რაიმე ქმედით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან კანონმდებლობა არის ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება. ამდენად, კანონის ძალაში ყოფნა-არყოფნის საკითხი ქვეყნის შიგნით, საქართველოში, შეიძლება გადაწყდეს. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი თუ გახდება, ანუ ვინმე თუ მიმართავს მას სარჩელით.
თუ არსებობს საამისოდ კონკრეტული ვადები და ვინ შეიძლება მიმართოს კანონის გაუქმებით მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს?
ვადა არ არსებობს. ე.წ. რუსულ კანონში წერია, რომ კანონი გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდგომ ამოქმედდესო. მიუხედავად იმისა, რომ ამ 2 თვის განმავლობაში ის არ იქნება ძალაში, ის შეიძლება გაასაჩივროს, მაგალითად, 30-მა დეპუტატმა, სახალხო დამცველმა ადამიანთა უფლებებთან მიმართებაში, დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა, ან არასამთავრობო ორგანიზაციამ.
თუ ყოფილა იმის პრეცედენტები, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გაუუქმებია საკონსტიტუციო სასამართლოს?
ანალოგიისთვის, ამდაგვარი შემთხვევა ყოფილა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს დაკავშირებული გახლდათ იმ პროცესებთან, როცა ქართული ოცნება ეროვნულ ბანკს პოლიტიკურად დაესხა თავს და პრაქტიკულად მისი გაუქმება უნდოდა. მაშინ კანონი არ იყო ამოქმედებული. საკონსტიტუციო სასამართლოს 30-მა დეპუტატმა მიმართა და საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი შეაჩერა .
ე.ი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს იმის უფლებამოსილება, რომ გააუქმოს ე.წ. რუსული კანონი?
საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია არა მხოლოდ გააუქმოს, მას უფლება აქვს, 6-თვიანი, თუ 1-წლიანი განხილვის პროცესში, შეაჩეროს კანონის კონკრეტული გასაჩივრებული ნორმების მოქმედება. ასე მოიქცა, როგორც უკვე ვახსენე, ეროვნული ბანკის კანონთან მიმართებაში. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტური, სწორი პოზიცია დაიკავა ეროვნული ბანკთან მიმართებაში და შეაჩერა კანონი, რომელიც ჯერ არ იყო ამოქმედებული. ეს იყო, თუ არ ვცდები, 2015 წელს. იმის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი ძალის მიმართ პოლიტიკური ლოიალობით გამოირჩევა, პრეზიდენტმაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც სწორედ ამიტომ მიუთითეს სასამართლოს რეფორმის თაობაზე. ამ კონტექსტში, იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონს შეაჩერებს, დაბალია. მაგრამ ანტიკონსტიტუციურად რომ ცნოს, ამის ალბათობა საშუალო მაინცაა.
უნგრეთთან რომ გავავლოთ მაგალითი, იქ კანონი მიიღეს, მაგრამ შემდეგ ევროსასამართლოს ჩარევით გააუქმეს. ჩვენს, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის, შემთხვევაში ევროსასამართლოს თუ შეუძლია რაიმე ზემოქმედება?
რაც შეეხება უნგრეთის მაგალითს, სადაც მიიღეს მსგავსი კანონი, მაგრამ შემდეგ ევროსასამართლომ შეაჩერა, არასწორი იქნება პარალელის გავლება, რადგან უნგრეთი ევროკავშირის წევრია, ევროსასამართლოს იურისდიქციის ქვეშაა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნგრეთმა თვითონ გააუქმა კანონი. დიდი ხანი არ აუქმებდა. მაშინ სანქციებიც დაწესდა, 10 მლრდ გაუყინეს. შესაბამისად, უნგრეთის საკანონმდებლო ორგანომ თვითონ აღასრულა, თვითონ გააუქმა თავის მიერ მიღებული კანონი. ჩვენ ევროკავშირის წევრი არ ვართ და, შესაბამისად, ჩვენს საქმეში ევროსასამართლო ვერ ჩაერევა.