“ვეტერინარიის პროფესიულ პროგრამაზე გადაჭარბება გვაქვს, მოთხოვნა მაღალია”- რუსუდან გიგაშვილი

„საქართველოს სოფლის მეურნეობა ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ – პარლამენტში დღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრეს და დოკუმენტიც წარადგინეს. დოკუმენტში მიმოხილულია 2012-2022 წლებში, როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური და ინსტიტუციური პროცესები, აგრარულ სექტორში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაახლოების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები.
მომავლის ფერმერის დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა დღემდე რჩება გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ფერმერების განათლებასთან და დარგში ტექნოლოგიების გამოყენებასთან. მისი თქმით, თუ შევადარებთ სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიული განათლების ხარისხს 10 წლის წინანდელ მდგომარეობას, სიტუაცია ცალსახად გამოსწორებულია, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულების პოზიციონირება ხდება.
“ბოლო 10 წლის განმავლობაში გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სოფლის მეურნეობაში თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება ტექნოლოგიებთან მიმართებით. ტექნოლოგიების მასიური იმპლემენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ მთლიან შიდა პროდუქტში უფრო მეტი ცვლილებები დავინახოთ. უფრო შედეგზე ორიენტირებული იყოს სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნა და განათლება, იმიტომ რომ განათლების, უნარების და ცოდნის ერთობლიობა ძალიან სინთეზურად არის დაკავშირებული ტექნოლოგიებთან.
არ შემიძლია არ ვაღიარო და არ ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაცია ნამდვილად დაწყებულია. თუ შევხედავთ რა გვქონდა წლების წინ დავინახავთ, რომ ფაქტობრივად არ გვქონდა არანაირი საგანმანათლებლო პროგრამა, ძალიან მიძინებული იყო. დღეს ნამდვილად გამოცოცხლებულია იგივე ვეტერინარიის პროფესიულ პროგრამაზე ყოველთვის გადაჭარბება გვაქვს, მოთხოვნა მაღალია. რაოდენ კრიტიკულები არ უნდა ვიყოთ, უნდა აღვნიშნოთ რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა,”- ამბობს მომავლის ფერმერის დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა