ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები რუსთაველზე აქციას შეუერთდნენ

15 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-18 დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები.
! არჩევნები“ – სკანდირებენ ისინი. „ვეტერინარები მოვითხოვთ ევროპულ მომავალს! არა ძალადობრივ რეჟიმს“, – წერია მათ მიტანილ ბანერებზე.
რუსთაველის გამზირი დღეს მეთვრამეტედ გადაიკეტა – საღამოს შვიდი საათისთვის საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეწყდა.
მანამდე აქციაზე მივიდნენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლები – გაიმართა ხელოვანების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების, არჩევნებზე დამკვირვებელთა მარშები.
აქციას შეუერთდნენ ინტელექტუალური თამაშისა და ტელეგადაცემის, „რა? სად? როდის“? მოთამაშეები.
ასევე, გაიმართა ისტორიული კონკურენტების, საფეხბურთო კლუბების, ესპანური მადრიდის რეალისა და ბარსელონას, გულშემატკივრების ერთობლივი მსვლელობა.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე – მთავარი საპროტესტო ადგილზე, – წინა საღამოს თბილისის მერიას ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადადო.
ჯერ უცნობია, როდის გეგმავს მერია ნაძვის ხის ანთებას.
დემონსტრანტები კი პროტესტს აგრძელებენ – ისინი აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან არ დააყენებს საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
დემონსტრაციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ უმრავლესობას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
წყარო: რადიო თავიუსფლება