ვეტერინარების და ვეტ. ტექნიკოსების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

2026 წლიდან ვეტერინარების და ვეტ. ტექნიკოსების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა საფრანგეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორ ემანუელ სობერიონთან გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ვეტერინარული სერვისების გაძლიერებაში და მათ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მნიშვნელოვანია WOAH-ის სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების როლი. დავით სონღულაშვილმა საქართველოში აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული მხარის სურვილია, უფრო აქტიურად ჩაერთოს WOAH-ის სხვადასხვა პლატფორმებში, მათ შორის სასწავლო პროგრამებში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო WOAH-თან თანამშრომლობის მნიშვნელობას ცხოველთა გადამდები დაავადებების კონტროლისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო ცხოველთა ჯანმრთელობის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მუშაობს ოფიციალური დაავადებებისგან თავისუფალი სტატუსის მისაღებად, რაშიც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მინისტრმა ვეტერინარულ განათლებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან სასწავლო პროგრამების გაუმჯობესების მიმართულებით მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
„დარგში პროფესიული განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, 2026 წლიდან ვეტერინარების და ვეტ. ტექნიკოსების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და მის ექსპერტებს იმ დახმარებისათვის, რაც მათ ამ საჭირო ცვლილებების დანერგვაში აღმოგვიჩინეს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა WOAH-ის გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაზე მოწვევისთვის და მადლიერება გამოხატა იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებს, მსოფლიოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამშრომლობაში.
ემანუელ სობერიონმა მადლობა გადაუხადა დავით სონღულაშვილს საფრანგეთში ვიზიტისთვის.
„ეს იყო მეტად ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ღრმა და საინტერესო დისკუსია ვაქცინებისა და ვაქცინაციის საკითხებზე, ასევე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. აშკარად ჩანს, რომ ბატონი მინისტრი ღრმად იცნობს ამ მიმართულებებს და მტკიცედ უჭერს მხარს ვეტერინარულ სამსახურებს. ვფიქრობ, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას”,- განაცხადა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა
მინისტრთან ერთად, კონფერენციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ვასილ ბასილაძე, გიორგი იაკობაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია ესწრებოდნენ.