„ვერ ვიტყვი რომ გაყინულები ვართ, ვმოძრაობთ, თუმცა, ვმოძრაობთ დაბალი სიჩქარით“ – ნინო ქურდიანი კაპიტალის ბაზარზე

„საქართველოს საფონდო ბირჟაზე ძირითადად დალისტული არის სასესხო ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, რომლებიც ტიპურად არ ივაჭრება საფონდო ბირჟაზე, არამედ ივაჭრება მის გარეთ. არასწორი იქნება თუ საფონდო ბირჟაზე მაღალი აქტიურობის მოლოდინი გვექნება. სწორი არის რომ საფონდო ბირჟას ვუყუროთ როგორც პლატფორმას, რომელიც მთელი მონაცემების აგრეგატორია. თებერვალში იყო შედარებით მაღალი აქტიურობა, მაგრამ ამ მაჩვენებლის შედარება საშუალოსთან და იმის თქმა, რომ საფონდო ბირჟაზე აქტიურობა გაიზარდა, მანიპულაციური განმარტება იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქურდიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საფონდო ბირჟაზე აქტიურობაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა აქციებით ვაჭრობა შეიძენს მნიშვნელობას და ამ მიმართულებით იქნება პროგრესი.
„მანამ, სანამ აქციების ოდენობა და ამ მიმართულებით აქტიურობა არ გაიზრდება საფონდო ბირჟაზე, ვისაუბროთ აქტივობაზე და მაღალ ვაჭრობაზე, არ არის სწორი.
საფონდო ბირჟის განვითარებაში რაც მიემართება, ეს არის კერძო კაპიტალი. ჩვენი ბირჟა არის სრულად კერძო საკუთრებაში მყოფი და არ არის სახელმწიფოსი, ამიტომ არ ხდება სახელმწიფო სახსრების ინვესტირება. კერძო კომპანიებს უღირთ რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ინვესტიციები განახორციელონ.
ჩვენნაირი მცირე ეკონომიკის ქვეყნებშიც კი კაპიტალის ბაზარი გარკვეულ სტიმულს აძლევს ბიზნესს და ეკონომიკას. რა თქმა უნდა, დიდ ძვრებს და დიდ ნახტომებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ რა პოტენციალიც აქვს კაპიტალის ბაზარს, ეს მნიშვნელოვანია და უნდა განვითარდეს. ვერ ვიტყვი რომ გაყინულები ვართ, ვმოძრაობთ, თუმცა, ვმოძრაობთ დაბალი სიჩქარით“, – აღნიშნა ნინო ქურდიანმა.
როგორც მან განმარტა, იმისთვის, რომ ფიზიკურმა მომხმარებლებმა კაპიტალის ბაზარზე ივაჭრონ, საჭიროა აქციების ბაზრის გააქტიურება, ხოლო კომერციული ორგანიზაციებისთვის ობლიგაციებით ვაჭრობა შედგება ადგილობრივ თუ საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე, ეს უპირველეს ყოვლისა, ინვესტიციის მოცულობით განისაზღვრება.
„იმისთვის, რომ ფიზიკურმა პირმა ივაჭროს კაპიტალის ბაზარზე, ამისთვის სხვა ტიპის ინსტრუმენტებია საჭირო და არა ობლიგაციები. ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც საცალო მომხმარებელი ვაჭრობს, არის აქციები. შესაბამისად, საჭიროა აქციების ბაზრის გააქტიურება. ამჟამად ბირჟაზე არის 7 აქცია და 30 ობლიგაცია. ობლიგაციების რაოდენობა, ტენდენციებიდან გამომდინარე, ვიტყოდი რომ ცოტა არ არის. 2023 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორპორაციული ობლიგაციების რაოდენობა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კერძო სექტორი დაინტერესდა კაპიტალის ბაზრით.
ადგილობრივ ბაზარზე დალისტვას აქვს თავისი ემპირიული საზღვრები 10 მლნ-იდან 150 მლნ-მდე, კარგია, რომ ინვესტიცია განვახორციელოთ ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო უფრო მეტი თანხის შემთხვევაში წავიღოთ ინვესტიცია საერთაშორისო ბაზარზე, სადაც მეტი ინვესტორი და ნაკლები პროცენტებია.
საქართველოს ეკონომიკიდან და ემისიის მოცულობიდან გამომდინარე, საქართველოს საფონდო ბირჟა მეტ-ნაკლებად პასუხობს მოთხოვნებს. რაც შეეხება ღიაობას და გამჭვირვალობას, ეს ნამდვილად არის გამოწვევა, მაგრამ ეს გამოწვევა ძირითადად უკავშირდება აქციებს, რადგან ობლიგაციებს დიდი ღიაობა არ სჭირდება.”- განაცხადა ნინო ქურდიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ