„ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ უძრავი ქონების ბაზარზე კლებაა“ – ირაკლი ბურდილაძე (BMG)

„ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ უძრავი ქონების ბაზარზე კლებაა“ – ირაკლი ბურდილაძე (BMG)
„თეთრი კვადრატის“ და BK Holding-ის მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, უძრავი ქონების ბაზარი კლებას არ აჩვენებს. როგორც ბურდილაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა როგორც წლიურ, ისე კვარტალურ ჭრილში სექტორი ღირებულებაში ზრდას აჩვენებს, მხოლოდ რაოდენობრივი ანალიზი კი სრული სურათის შეფასების საშუალებას არ იძლევა.
„ვერ დავეთანხმები მოსაზრებას რომ ბაზარზე კლებაა, გააჩნია რა პარამეტრს უყურებენ. როცა კლებაზე საუბრობენ, საუბრობენ გაყიდული ბინების რაოდენობაზე, უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი მხოლოდ გაყიდული ბინების რაოდენობით არასწორია. რატომ არის ეს ასე, შევეცდები მარტივი მაგალითით აგიხსნათ – შეიძლება პირველ თვეში კომპანიამ გაყიდოს 10 პატარა ბინა, 40 კვ.მ-ის, ჯამში 400 კვ.მ, მეორე თვეში 5 ბინა, მაგრამ თითო 200 კვ.მ-ის, რაც ჯამში 1000 კვ.მ-ია, შესაბამისად ეს რაოდენობაში აჩვენებს კლებას, მაგრამ გაყიდულ ფართში და ღირებულებაში არა. იგივე Galt & Taggart-ის კვლევა წელს იანვარში აჩვენებს, რომ $13 მლნ-ით მეტი ღირებულების ბინები გაიყიდა, ვიდრე 2024 წლის იანვარში, ანუ თანხაში გამოხატული ბაზარი გაიზარდა. 2024 წელს 2023-თან შედარებით ზრდა იყო 7%.
2024 წლის ბოლო კვარტალში გაიყიდა $900 მლნ-ის ღირებულების ბინები თბილისში, მაშინ როცა 2023-ის ბოლო კვარტალში $750 მლნ-ის ღირებულების, ანუ ბაზარი თანხაში გაზრდილია 20%-ით. არასწორია როცა ბაზარს მხოლოდ რაოდენობაში ვუყურებთ“, – აცხადებს ბურდილაძე და აქვე ამბობს, რომ რაოდენობაში კლება არა გაუარესებული მოლოდინებით, არამედ ფასის ზრდით არის განპირობებული.
იმ მოსაზრებას, რომ ბაზარზე კრიზისი არ არის, კომპანიაში დაგეგმილი პროექტების ანონსით ამყარებენ. მათი თქმით, წელს კომპანია ბაზარზე დაახლოებით $100 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს.
„შემცირებული ტრანზაქციები უძრავი ქონების ბზარზე განპირობებულია არა იმით, რომ ნეგატიური მოლოდინებია, არამედ ფასის ზრდით, ეს არის მარტივი ეკონომიკური პარამეტრი. როცა ფასი იზრდება, მოთხოვნა მცირდება და პირიქით, ფასის ზრდა იწვევს ამ მოთხოვნის ვარდნას.
ჩვენს შემთხვევაში პროექტის შიგნით ფასის მუდმივ ზრდას აჩვენებს. რომ ავიღოთ ისნის მაგალითი, იანვარში საშუალო ფასი კვ.მ-ზე იყო $1020, თებერვალში $100-ით გაიზარდა და მარტში უკვე $1 215-ზეა ასული, ეს ზრდა განპირობებულია თვითონ პროექტის კონცეფციაზე.
2024 წელი საკმაოდ კარგი შედეგებით დავხურეთ, საერთო ჯამში გაყიდვებმა $62 მლნ შეადგინა, რაც $10 მლნ-ით აღემატება 2023 წელს გაყიდული ბინების მოცულობას თანხაში გამოხატულს.
წელს გვაქვს ამბიციური გეგმები ცხრა აქტიური პროექტის სახით, საიდანაც ორს ვასრულებთ. რაც შეეხება დიდ პროექტებს, დაწყებული გვაქვს მსგავსი პროექტის განხორციელებაც, მაგრამ მასშტაბური ინვესტიციები სწორედ წელს განხორციელდება, საუბარია ისნის პროექტზე, რომელსაც ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან „ანაგთან“ ერთად ვაშენებთ. ეს მოიცავს $100 მლნ-ზე მეტი ინვესტიციის განხორიცელებას, სამუშაოები და გაყიდვებიც დაწყებულია და პირველი ფაზის 20% უკვე გაყიდულია“, – განმარტა BMG-თან ბურდილაძემ.
bm.ge