„ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს“ – მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

„არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს“ – ამ ლოზუნგით დაიწყო დღევანდელი დემონსტრაცია თბილისში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად.
პროევროპული პროტესტის 251-ე დღეს დემონსტრანტები თბილისში, ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ მსვლელობით.
მათ ჩაუარეს პარლამენტის შენობას, – დემონსტრაციების ტრადიციულ ადგილს, – წრე დაარტყეს თავისუფლების მოედანს, როგორც წინა დღეს, და შემდეგ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ, სადაც აქცია გაგრძელდა.
დემონსტრანტებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების დროშები, ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით.
„თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება ნინო დათაშვილს“, „თავისიფულება სინდისის პატიმრებს“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
· „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენი სავარაუდოდ ხვალ, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება;
· ნინო დათაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა (წინასასამართლო სხდომა) 7 აგვისტოსაა დანიშნული.
ნინოს დათაშვილის მხარდამჭერი მარში გუშინ, 4 აგვისტოსაც გაიმართა თბილისში, – ყოველდღიური დემონსტრაციების პარალელურად. საღამოს რვა საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრების შემდეგ, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის მონუმენტს წრე შემოარტყეს და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
უწყვეტი პროტესტი რუსთაველის გამზირზე გრძელდება.
ორშაბათს, 4 აგვისტოს, ს საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა მოისმინა.
მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
დაკავებულმა ჟურნალისტმა დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ მისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზება „სიკვდილივითაა“.
„არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული. აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!“ – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
ფორუმი