მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე ქართული კი8ნოს ლეგენდებად არიან აღიარებული. წყვილი ერთმანეთს პირველად საგარეჯოში შეხვდა.
მიხეილ ჭიაურელი მაშინ 24 წლის იყო და წლებს შემდეგ ცხოვრების მთავარ სიყვარულთან შეხვედრას იხსენებდა:
“მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა… ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას. ეზოში, მწვანეზე ჩამოვსხედით ყველანი. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც… “ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს” – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი… ვერაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…”
იმ დღეს მათ შორის სერიოზული ურთიერთობა არ დაწყებულა. ვერიკო მალე ცოლად გაჰყვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და პუბლიცისტს – შალვა ამირეჯიბს… ამბობდნენ ვერიკოს ქორწინება მამის უკანასკნელი სურვილის ასრულება იყოო. წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელიც ჩვილობაში გარდაიცვალა. ვერიკო ქმარს დიდი პატივს სცემდა, მაგრამ ამბობდა, ვერ შევიყვარეო. ამას შალვა ამირეჯიბიც გრძნობდა, რასაც მეუღლისადმი მიძღვნილი ერთი ლექსიც ადასტურებს:
„ამბობენ, რომ ჯერ ბავშვი ხარ,
არ შემრჩები დიდხანს ცოლად.
მე არ მინდა დავიჯერო,
ნათქვამია ჭორის ტოლად”.
· ოჯახი მიხეილმაც შექმნა… ცალ-ცალკე ცხოვრების მიუხედავად მათ შორის გრძნობა არ განელებულა, ოჯახის დანგრევას კი ვერცერთი ვერ ბედავდა. ბოლოს ყურადღება აღარ მიაქციეს ჭორებს და ფიქრის გორაზე დასახლდნენ.
შვილის მეორე ქორწინებას ვერ ეგუებოდა მიხეილ ჭიაურელის მამა, ედიშერი და ამბობდა, ვერიკო თვალით არ დამენახოსო. ერთხელ მიხეილი და ვერიკო გერმანიაში გაემგზავრნენ. ვერიკოს სამშობლოში დაბრუნება ქმარზე ადრე მოუწია და მამამთილთან სტუმრობა გადაწყვიტა.
„ერთ დღეს მამაჩემს მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ესტუმრა. მამას ეგონა, რომ ქალი მწვანილის საყიდლად იყო მისული. ვერიკომ უთხრა, მიშასგან წერილი მაქვსო. მამაჩემმა კი დედას გასაცნობად წაიყვანა. დედაჩემი მაშინ ეზოში იდგა და სარეცხს რეცხავდა: აი, მიშას ბოზი მოგიყვანეო – უთქვამს მამაჩემს. სულ არ გასულა დიდი დრო, რომ ვერიკო გულში ჩაუვარდა ჩემს მშობლებს და მასზე საყვარელი არავინ ჰყავდათ“ – ჰყვებოდა მიხეილ ჭიაურელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
· ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძეს გარდაცვლილი ქმრისთვის წერილი მიუწერია და უკმაყოფილება გამოუთქვამს – თენგიზ აბულაძე ფილმში მიღებს და მხოლოდ ერთი ფრაზის თქმა მიწევსო:
” თენგიზ აბულაძე, მგონი შენი მოწაფეა, თავის ახალ ფილმში როლს მთავაზობს. არა, როლი უნდა ნახო.. სულ ერთი ფრაზა – ” რა საჭიროა გზა თუკი ტაძრამდე არ მიმიყვანს?!” – ეგ წუწურაქი, ეგა. შეეძლო ჩემთვის უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა, შენ თუ წინააღმდეგი ხარ არ ვითამაშებ, თუმცა რატომ გეკითხები? მაინც ხომ ისე ვიზამ, როგორც მე მინდა?! ” – წერდა ვერიკო ანჯაფარიძე.