20 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული მარშისა და მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე მომღერალი ქეთათო პოპიაშვილი “ტვ პირველის” ეთერში საუბრობს და ამბობს:
პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი პერიოდია მთელი ოქტომბერი, რადგან ჩვენს ისტორიაში პირველად გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბედი შევცვალოთ და ყველა ბერკეტი ამისთვის ხელთ გვაქვს, რადგან შეგვიძლია, რომ ჩვენი მომავალი ჩვენითვე ავირჩიოთ, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. ჩვენ საქართველოს ბევრად უფრო მეტად ვჭირდებით დღეს და ყველას გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ დიდ საქმეში, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია. ევროინტეგრაცია არ არის დაჟინებული ბავშვის სურვილი, უბრალოდ ნორმალური, ხარისხიანი, უკეთესი მომავლის სურვილი გვაქვს ადამიანებს და ვერთიანდებით ამისთვის და იმისთვის, რომ არავინ არ უნდა დაგვაჯდეს სულთანივით თავზე წლების განმავლობაში და ჩვენგან ხარკს არ უნდა ითხოვდეს.
შეგახსენებთ, ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით – “ჩვენ გვინდა ევროპაში!”