თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მეტროს 111 ვაგონის შესყიდვის ტენდერში გამოვლენილ ჩინურ მომწოდებელ კომპანიასთან დაკავშირებით საფრთხეს ვერ ხედავს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმე ისაა, რომ ტენდერში კომპანია “ჯი-თი ჯგუფმა” გაიმარჯვა, რომელიც მერიას ჩინეთის უმსხვილესი სარკინიგზო მწარმოებლის, CRRC-ის ვაგონებს მიაწვდის. მხარეებს შორის 150 მილიონი ევროს ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ჟურნალისტებმა ვიცე-მერს ჰკითხეს CRRC-ის შესაძლო სანქცირებაზე და აქედან გამომდინარე რისკებზე, იმ ფონზე, რომ არსებობს პენტაგონის განკარგულება, სადაც ის სამხედრო წარმოებად არის მიჩნეული და ასევე, მის სანდოობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ევროკომისიამ.
გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ასეთი კითხვა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაა. მისი თქმით, თუ კომპანია დასანქცირდება, ფიზიკურად ვერ შეასრულებს ხელშეკრულების აღებულ ვალდებულებს და არასერიოზულია დღეს საუბარი, რომ რაღაცა პერიოდის შემდგომ შეიძლება ჩინური კომპანია აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ.
