ვერავინ ვერ შეგვასწრებს ნატოში, ძალიან კარგად იცით – შარმანაშვილი

“ვერავინ ვერ შეგვასწრებს ნატოში, ძალიან კარგად იცით” – ასე ეხმაურება ივანიშვილის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშს.
“ამ განცხადებებით უკვე ვეღარავინ ვეღარ მოტყუვდება და თავსაც ვერ მოვიტყუებთ. ყველა იმ საშინაო დავალებას, რომელიც ნატოსგან გვქონდა ჩვენ, პირნათლად ვასრულებთ. მეტი რა საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოიდგას ჩვენკენ? არც მაშინ არ გადმოდგეს. ხომ მაშინაც არ იყო ეს კანონდებლობა მიღებული, ახლა რომ ხელზე იხვევენ? მაშინაც კი არ დგამდნენ ამ ნაბიჯებს.
ამიტომ, ჩვენ ჩვენი მხრიდან რაც იქნება, ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია იმას კი არ აღნიშნავს, თუ უსამართლოდ მომექცევიან, ესეც ჩემი ბრალია. ეს ჩემი ბრალი არ არის, ჩემი ბრალი იქნება, თუ რომელიმე თანადგომას ან რომელიმე დავალებას არ ვუპასუხებ. არაფერი არჩევნების შემდეგ არ გადახედილა და თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ არჩევნებამდეც მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ. რამდენი ხანია მაპის საკითხი დგას და ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვართ გაჩერებული.” – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, 26 მარტს ნატოს გენერალურმა დირექტრმა მარკ რუტემ ნატოს ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი საქართველოზეცაა.
“მოკავშირეებმა ასევე გადახედეს NATO-ს თანამშრომლობას საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების და მათი შედეგების გათვალისწინებით. შედეგად, გადაიხედა NATO-საქართველოს თანამშრომლობის ზოგიერთი მიმართულება და ხელახლა განისაზღვრა პრიორიტეტები, მათ შორის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გარკვეული ასპექტებთან მიმართებით. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა გაგრძელდა და ეს მაისში ჩატარებული NATO-საქართველოს წარმატებული წვრთნებით აღინიშნა. NATO-ს სამოკავშირეო ოფისმა თბილისში გააგრძელა აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე პარტნიორთან.” – ნათქვამია ანგარიშში.
რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ გზას, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა
“რაც შეეხება NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენებიც.” – ასე უპასუხა რუტემ 2025 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ შესულ ჩანაწერზე ევროსკოპის მიერ დასმულ შეკითხვას.