ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა არჩევნებზე — აი, რატომ

2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო ელექტრონული სისტემის გამოყენებით ჩატარდება, ანუ ამომრჩევლები ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემენ. მაინც რამდენად იცავს მსგავსი მიდგომა ჩვენი ხმის ფარულობას? შეიძლება თუ არა, ვინმემ გაიგოს, ვის მივეცით ხმა?
ამის საპასუხოდ მალხაზ რეხვიაშვილს, ფაქტ-მეტრის მთავარ რედაქტორს, გავესაუბრე. ეს პლატფორმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან () წლის დასაწყისიდანვე თანამშრომლობს, რათა არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას შეუშალოს ხელი.
როგორ მუშაობს ელექტრონული არჩევნები და რა იცავს ჩვენი ხმის ფარულობას
ცნობილია, რომ საარჩევნო პროცესში სამი აპარატი იქნება გამოყენებული: ვერიფიკაციის (ანუ ვინაობის დადასტურების) აპარატი, ხმის მთვლელი აპარატი და სპეციალური პლანშეტი. ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში ინტერნეტი არ იქნება გამოყენებული, რაც ტექნიკის მეშვეობით ხმების გაყალბების შანსებს ამცირებს.
უფრო ზუსტად:
· ვერიფიკაციის აპარატში რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმებას ათავსებს და მის ვინაობას ადასტურებს. მას აღარ უწევს, რომ ხმის მიცემამდე ამომრჩევლის სახელი სიაში მოძებნოს. აპარატი ქვითარს ამობეჭდავს, რომელზეც ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ხელმოწერით დაადასტურებს;
· ხმის მთვლელ აპარატში ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებს მას შემდეგ, რაც სასურველ პარტიას მისცემს ხმას; აპარატი ამომრჩეველს ატყობინებს, მიიღო თუ არა მისი ბიულეტენი, შემდეგ კი ხმებს ითვლის;
· პლანშეტის გამოყენებით კომისიის თავმჯდომარე ცესკოს აპარატების მიერ დათვლილ მონაცემებს გაუგზავნის; ამ აპარატთან ამომრჩეველს შეხება არ აქვს.
მალხაზის განმარტებით, “ვერიფიკაციის აპარატი არავითარ კავშირში არ არის ხმის მთვლელ აპარატთან სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის რაიმე ტიპის კავშირის დადგენა”.
თავად ვერიფიკაციის აპარატები, მისი თქმით, ერთმანეთთან ე. წ. მარშრუტიზატორით იქნება შეერთებული. ეს შიდა ქსელია, ანუ გარე ქსელთან არ იქნება დაკავშირებული (ეს გარე ჩარევის რისკს ამცირებს). ამ აპარატების შეერთება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მათ ერთმანეთს მიაწოდოს ინფორმაცია და ამომრჩეველმა ერთზე მეტჯერ ვერ გაიაროს ვერიფიკაცია.
“ეს იმისთვისაა საჭირო, რომ, ერთ აპარატში თუ გაიარა ამომრჩეველმა ვერიფიკაცია, დანარჩენმა ორმა აპარატმაც იცოდეს”, — თქვა მალხაზმა.
მან აღნიშნა, რომ ვერიფიკაციის აპარატები ხმის მიცემის აპარატს არ უკავშირდება, “ეს აპარატები ერთმანეთს ვერ ხედავენ”. შესაბამისად, შეუძლებელია, ადამიანის ვინაობა (ანუ ვერიფიკაციის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია) იმ ინფორმაციას დაუკავშირდეს, თუ ვის მისცა მან ხმა (ანუ ბიულეტენზე არსებული ინფორმაცია).