ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონგრესისადმი პირველი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება. თუმცა, მანამდე ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა, რომელმაც ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპაასუხა.
“ამერიკის ხმის” შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა ამერიკა რუსეთზე დამატებითი სანქციების, თუ სხვა ტიპის ზეწოლას იმისთვის, რომ უკრაინის მსგავსად, ისიც წნეხში ამყოფოს ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ მიიჩნევს, რომ მხოლოდ უკრაინაა ზეწოლის ქვეშ.
“არ მივიჩნევ, რომ ეს [უკრაინის განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ყოფნა] მართალია. რუსეთზე კვლავაა დაწესებული რამდენიმე სანქცია. მივიჩნევთ, რომ რუსები ამ კონფლიქტის გამო ეკონომიკურ გასაჭირში არიან. გვჯერა, რომ რუსეთის საუკეთესო ინტერესშია, თუმცა ასევე, უკრაინისა და ამერიკის საუკეთესო ინტერესშია, რომ კონფლიქტი დასრულდეს. ასე რომ ჩვენ გვჯერა, რომ საჭიროა ზეწოლა ყველაზე, რათა შეწყდეს ხალხის ხოცვა, რადგან ესაა პრეზიდენტის პოლიტიკა და ესაა ამერიკელი ხალხის ინტერესში”, – თქვა ვიცე-პრეზიდენტმა.
არსებობს მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი დღევანდელ სიტყვით გამოსვლაში ისაუბრებს როგორც ქვეყნის საშინაო, ისე – საგარეო პოლიტიკაზე. მათ შორის, უკრაინის ომისა და მისი და ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის თემაზეც.
იმის ფონზე, რომ ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარება დროებით შეუჩერა, არსებობს განსაკუთრებული მოლოდინი იმის შესახებ, თუ რას იტყვის პრეზიდენტი ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებსა და ომის დასრულების პერსპექტივებზე. მედიაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზეც, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპმა საზოგადოებას მინერალების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ამცნოს.
