ვენსი: ირანის თავდაპირველი 10-პუნქტიანი წინადადება ალბათ ChatGPT-ის მიერ იყო დაწერილი

-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსიაშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ირანში ცეცხლის შეწყვეტის სამი განსხვავებული 10-პუნქტიანი წინადადება არსებობს, რაც მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დაბნეულობას წარმოქმნის.
ვენსმა აღნიშნა, რომ თავდაპირველი 10-პუნქტიანი წინადადება სავარაუდოდ “ChatGPT-ის მიერ იყო დაწერილი” და ის -მ პირდაპირ უარყო. მისივე თქმით, ეს წინადადება “ირანში მხოლოდ შემთხვევითი პირუტყვის” მიერ იყო წარდგენილი.
“თავდაპირველი 10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც წარადგინეს, გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობთ, რომ ის ალბათ ChatGPT-ის მიერ იყო დაწერილი, ის წარედგინათ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და პირდაპირ სანაგვეში აღმოჩნდა და უარყოფილი იქნა”. – თქვა ვენსმა.
აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა დააზუსტა, რომ მოლაპარაკებები მეორე 10-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება და ტრამპმა Truth Social-ზე დადებულ პოსტში სწორედ მასზე მიუთითა.
“იყო მეორე 10-პუნქტიანი წინადადებაც, რომელიც გაცილებით უფრო გონივრული იყო, რომელიც ჩვენს შორის, პაკისტანელებსა და ირანელებს შორის გარკვეულ აზრთა მიმოცვლას ეფუძნებოდა. ეს არის ის 10-პუნქტიანი წინადადება, რომელზეც პრეზიდენტი გუშინ თავის Truth-ში მიუთითებდა”. – თქვა ვენსმა.
ვენსმა ასევე დაამატა, რომ მესამე 10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც სოციალურ ქსელში იხილა, პირველზე “კიდევ უფრო მაქსიმალისტურია”.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით აჩერებდა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, თეირანი “ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას” დათანხმდა.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი ირანის “მთელი ცივილიზაციის განადგურებით” დაიმუქრა, რასაც წინ უძღოდა ტრამპის განცხადება, რომ ვადის გასვლამდე შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებზე მასშტაბურ თავდასხმით კამპანიას წამოიწყებდა.
ტრამპი: ირანზე შეტევას ორი კვირით ვაჩერებ, ეს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება!
ამის მიუხედავად, ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია, რის საბაბადაც ირანი ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებს. თავის მხრივ, ტრამპი უარყოფს, რომ ირანთან დადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის საკითხიც იყო გათვალისწინებული.
ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ როგორც ტრამპმა, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ახსენა ირანის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა “მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველი” უწოდა. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებული ირანის 10-პუნქტიანი პირობების სია განსხვავდება იმ 10-პუნქტიანი წინადადებისგან, რომელიც აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის გამოსადეგ საყრდენად ჩათვალა.
ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობის მილსადენზე, რომელიც სამეფოს ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საუდის არაბეთის ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცხრა დრონი უვნებელყვეს, ხოლო ქუვეითმა განაცხადა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ირანული დრონებით თავდასხმას “მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი” მოჰყვა.