ვენეციის კომისიის მომხსენებლები გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობენ

პარტია ,, – მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ვენეციის კომისიის მომხსენებლების მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა „საარჩევნო კოდექსში” გენდერული კვოტირების გაუქმებას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დეპუტატი აღნიშნულ კანონს უარყოფითად აფასებს. შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გენდერული კვოტირების გაუქმება პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის საგრძნობლად შემცირებას გამოიწვევს.
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ,,ქართული ოცნებისა” და ,,გირჩის” შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა ქალთა კვოტები პარლამენტში. ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან განვიხილეთ ამ კანონის საფრთხეები, ვისაუბრეთ იმაზე, რომ დღეს ოპოზიციონერი ქალები განსაკუთრებით აქტიურობენ პარლამენტში.
მომხსენებლებთან აღვნიშნე, რომ დღეს პარლამენტში არის 18 დეპუტატი, ვისაც მიკროფონი არცერთხელ ჩაურთავს და ყველა მათგანი მამაკაცია. შევეხე ისეთ თემებსაც, როგორიცაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, , ქალთა განათლება, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლები და მათ შვილებთან დაკავშირებული პრობლემები, ქალთა გაძლიერება. ხაზი გავუსვი, რომ ყველა ამ პრობლემაზე მხოლოდ ქალები საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ დღეს, გასული მოწვევის პარლამენტთან შედარებით, მეტი ქალია პოლიტიკაში, რაც სრულად კვოტირების დამსახურებაა და სავალდებულო კვოტირების გაუქმება ნიშნავს, რომ მომავალში ნაკლები ქალის ხმა იქნება პარლამენტში, შესაბამისად, ქალთა პრობლემები ნაკლებად გაჟღერდება. პრობლემები კი, რომელიც ქალებს უკავშირდება, დაკავშირებულია მათ შვილებთანაც, ჩვენს მომავალ თაობასთან. სავალდებულო კვოტირების გაუქმება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან მავნე გავლენას მოახდენს.
ასევე, მადლობა გადავუხადე იმ ძალიან სრულყოფილი დასკვნისთვის, რომელიც ვენეციის კომისიამ დადო აგენტების კანონთან დაკავშირებით”, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული