ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს ურჩევს, არ გააგრძელოს ანტილგბტ კანონპროექტზე მუშაობა

ვენეციის კომისია აქვეყნებს დასკვნას საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიციირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე, რომლის სახელწოდებაცაა კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
ვენეციის კომისია თავის დასკვნაში მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ძალიან მგრძნობიარე საკითხებს შეეხება, გამოჩნდა მძლავრი და ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, მძლავრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობის პირობებში, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, და ‘’უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ გამოხატულ შეშფოთებას“.
ვენეციის კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა – საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობით, განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლების, ასევე შესაბამისი სექტორების ექსპერტებისა და პროფესიონალების მონაწილეობით.
სადავო საკითხების სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასებისთვის, ვენეციის კომისიის თანახმად, ჩატარებული ანალიზის შედეგები საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს და ჩატარდეს მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის შესაბამის დროის პერიოდში.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონპროექტის სამართლებრივ შეფასებას, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, შესწორებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ვერ მოიძებნა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და „ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და მასტიგმატიზებელი გარემოს გამწვავების ხიფათს აჩენს”.
შესაბამისად, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, მთლიანად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება.
ამასთან, საკონსტიტუციო კანონპროექტის შენარჩუნების შემთხვევაში, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შემდეგ რეკომენდაციას: შეცვალოს 1.1 მუხლი იმგვარად, რომ დასაშვები გახდეს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილთა სამართლებრივი აღიარება.
სიტყვა „ჰეტეროსექსუალური“ შეიცვალოს ტერმინით „მარტოხელა“ ან “ინდივიდუალური”.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, კანონპროექტიდან წაიშალოს 1.3 მუხლი, რომელიც კრძალავს სქესის შეცვლის ოპერაციებს.
კომისიის რეკომენდაციაა, კანონპროექტიდან წაიშალოს ფრაზა „გენეტიკური მონაცემების შესაბამისად” და ჩამოყალიბდეს საკმარისად დეტალური და ზუსტი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსგენდერი ადამიანების რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლის სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს.
ვენეციის კომისია მიუთითებს კიდევ რამდენიმე მუხლის წაშლის ან იმგვარად ფორმირების აუცილებლობაზე, რომ ისინი ანტიდისკრიმინაციულ სტანდარტებთან შესაბამისი გახდეს.
რა შეეხება ინცესტის მუხლს, ვენეციის კომისიის თანახმად, ის ცალკე დარეგულირებას მოითხოვს, სისხლის სამართლის კანონის ფარგლებში.
ახალი კონსტიტუციური კანონის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის 83 წევრია. პროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს უნდა დაემატოს მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ის გეგმავს 10 ივნისს ინიციირებული კიდევ ერთი ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტის, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მიღებას, რომელიც დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ის, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. უფრო კონკრეტულად კი – ცვლილებას კანონის მეცხრე მუხლში.
საკონსტიტუციო ცვლილებისგან განსხვავებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებას „ქართული ოცნება“ ამ კვირაში გეგმავს. მეორე და მესამე მოსმენით კი დოკუმენტს საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.
როგორც 20 ივნისს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, „განხილვები გადავა სექტემბერში, დიდი ალბათობით, დაველოდებით ვეტოს „იმიტომ“ და ამის შემდეგ იქნება ამ ვეტოს დაძლევის პროცედურა”.
საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს ადებს “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ ყველა კანონპროექტს, რომელთაც ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.