ვენეციის კომისიამ ითხოვა “აგენტების კანონზე” ევროსასამართლოში სარჩელზე მესამე მხარედ ჩართვა

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ “აგენტების კანონთან” დაკავშირებით ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვაში მესამე მხარედ ჩართვა ითხოვა. სარჩელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა შეიტანეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
მესამე მხარედ ჩართვის უფლების მიღების შემთხვევაში, ვენეციის კომისია, როგორც საკონსტიტუციო საკითხებში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო, შეძლებს სასამართლოს სარჩელზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანალიზი წარუდგინოს.
საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” მესამე მხარედ ჩართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო პლენარულ სხდომაზე, რომელიც 13-14 ივნისს ჩატარდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასული წლის 13 ნოემბერს დაარეგისტრირა საჩივარი ე.წ. “აგენტების კანონის” წინააღმდეგ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თანახმად, “აგენტების კანონი” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და ოთხი ფიზიკური პირის სახელით.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლი) დარღვევებზე დავობენ.
2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი პროტესტისა და პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ შეჩერებულია ქვეყნის ევროინტეგრაცია, პარტნიორმა ქვეყნებმა კი საქართველოს მთავრობას დახმარების ნაწილი შეუჩერეს.
2024 წლის 30 ნოემბერს -მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“, მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა – ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
კანონი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. შარშან 4 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა მისი მოქმედება არ შეაჩერა.
ფორუმი