ჟურნალისტი, მთარგმნელი თამარ ბურდული სოციალურ ქსელში ვენესუელის მოქალაქის წერილს აქვეყნებს:
ვენესუელის მოქალაქის წერილი საზოგადოებას
ძვირფასო ესპანელო მეგობრებო. და ყველა, ვინც კი ამ წერილს წაიკითხავთ!
გმადლობთ ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოვლენილი ინტერესისთვის და იმ კეთილგანწყობილი გულმოდგინებისთვის, რომლითაც გვიხსნით, თითქოს რამდენად ძლიერ სურს ტრამპს ჩვენი ნავთობი.
მაგრამ სანამ გადაწყვეტთ ჩვენი რეალობის შესახებ განსჯას და ჩვენს სიხარულში ჩარევას, ნება მომეცით რამდენიმე კითხვა დაგისვათ. თუ მათგან ნახევარზე მაინც ვერ უპასუხებთ „კი“, მაშინ თქვენი მსჯელობა ჩვენს ნავთობზე და ტრამპზე ჩვენთვის არაფერს ნიშნავს.
ვენესუელელი ხართ?
ოდესმე გიცხოვრიათ ვენესუელაში და გადარჩენისთვის ბრძოლა გიცდიათ?!
ოდესმე გიცხოვრიათ კვირაში ათი დოლარით (ესეც კი შესაძლოა გადაჭარბებული იყოს)?
ოდესმე თორმეტი საათი მდგარხართ რიგში მხოლოდ ერთი პურის ან ერთი კილოგრამი ბრინჯის მოსაპოვებლად?
ოდესმე საავადმყოფოს ცივ იატაკზე გიძინიათ და გინახავთ, როგორ იწვნენ თქვენი ახლობლები იმავე მდგომარეობაში, რადგან არ იყო საწოლები და არც წამლები?
იცნობდით ადამიანს, რომელიც იმიტომ დაიღუპა, რომ საავადმყოფოში მიტოვებული დარჩა, აუცილებელი რესურსების არარსებობის გამო?
ოდესმე სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს – ეროვნული გვარდიის, SEBIN-ის, CICPC-ის ან PNB-ის წევრს – იარაღი დაუმიზნებია თქვენთვის და ფულის გადახდა მოუთხოვია, ციხით დამუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ტელეფონში კრიტიკული მემე ინახებოდა?
ოდესმე სამხედროებს საქალაქთაშორისო გზაზე შეუჩერებიხართ და ფული გამოუძალიათ მხოლოდ გადაადგილების ან ქვეყნის დატოვების მცდელობის გამო?
ოდესმე გინახავთ მეგობარი საპყრობილეში „დანაშაულისთვის“, რომ მის ტელეფონში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მემე ჰქონდა?
ოდესმე პოლიციელს „ნარკოტიკების ძებნის“ საბაბით თქვენი ღირსება შეულახავს, დაცინვითა და სიცილით თანხის მოთხოვნით და მუქარით, რომელსაც სისხლის გამყინავი შიში მოაქვს – „აჰა ეს უკვე კომანდოს გზაზეა“ და შემდეგ ,,SEBIN-ის კედლებში ამოგალპობთ, თუ არ გადაიხდით”?
გინახავთ ოჯახის წევრები, თანაკლასელები ან თანამშრომლები, რომლებიც ოცი კილოგრამით იკლებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საკვები აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში? იყო დრო, როცა ადამიანებს თუ ბედი გაუღიმებდათ მხოლოდ მანგო, იუკა ან გოგრა ჰქონდათ სარჩოდ.
თქვენ ან თქვენს ახლობლებს გადაგხდენიათ შეიარაღებული ძარცვა ან გამოძალვა – ამჯერად არა ხელისუფლების წარმომადგენლების, არამედ უკონტროლო კრიმინალის მხრიდან?
გყოლიათ ნათესავი ან მეგობარი, რომელიც დაიღუპა ქაოსში ჩაფლული ქუჩის დანაშაულის ან ორგანიზებული ბოროტების შედეგად?
ოდესმე თქვენს სახლში შემოსულან და ყველაფერი წაუღიათ?
გიგრძნიათ შიში იმ ზღვრამდე, რომ საკუთარ სახლშიც კი ვერ პოულობდით სიმშვიდეს?
ოდესმე მთელი დღე დაგიკარგავთ არჩევნების რიგში, როცა ხალხის უმრავლესობა ხელისუფლებას უარყოფდა, მაგრამ შედეგი მაინც წინასწარ იყო გადაწყვეტილი?
თუ ამ კითხვებზე თქვენი პასუხი „არაა“, გთხოვთ, შეინახოთ თქვენი მოსაზრებები თქვენთვის, ეს არის „ილუზიური კომუნიზმის“ მეხოტბეების ხმა. ვენესუელელებმა ეს ყველაფერი და კიდევ ბევრად მეტი გამოვიარეთ.
ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ მემარცხენე პოლიტიკოსები და მათი ფანატიკური მიმდევრები ევროპის სიმყუდროვიდან, როცა საუბარია ჩვენს ნავთობზე, ტრამპზე ან ჩვენს მომავალზე.
ვენესუელური ნავთობი ჩვენი აღარ არის 1999 წლიდან!
ტექსტი თარგმნა და დაამუშავა: თამარ ბურდულმა
@destacar




