ვენესუელის თქმით, ქვეყნის სანაპიროდან 75 კმ-ში აშშ-ს ხუთი ავიაგამანადგურებელი შენიშნეს
2 ოქტომბერს ვენესუელამ განაცხადა, რომ ქვეყნის კარიბის ზღვის სანაპიროს სიახლოვეს ხუთი ამერიკული ავიაგამანადგურებელი შენიშნეს. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პადრინომ ინციდენტს აშშ-ს მხრიდან “პროვოკაცია” უწოდა, რაც მისი თქმით, ვენესუელის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
“ეს საბრძოლო თვითმფრინავებია. საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის ვენესუელის სანაპიროსთან მოახლოებაც ამერიკულმა იმპერიალიზმმა გაბედა,” თქვა პადრინომ.
მოგვიანებით ვენესუელის მთავრობამ განაცხადა, რომ ამერიკული თვითმფრინავი ქვეყნის სანაპირო ხაზიდან 75 კილომეტრის დაშორებით შენიშნეს.
პადრინოს თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აშშ-ს F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლები შენიშნეს, რომლებიც 740 კმ/ს სიჩქარით მოძრაობდნენ და დაახლოებით 10 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავდნენ.
ვენესუელის მთავრობის განცხადება ვაშინგტონთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ვრცელდება მას შემდეგ, რაც აშშ-მ სამხედრო-საზღვაო ხომალდები გაგზავნა კარიბის ზღვაში. აშშ ირწმუნება, რომ მისიის მიზანი ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლაა, თუმცა ვენესუელის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამერიკის განზრახვა ქვეყანაში მადუროს რეჟიმის დამხობაა.
ამავდროულად, ბოლო პერიოდში აშშ-მ საჰაერო იერიშები მიიტანა, სულ მცირე, ოთხ ნავზე, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ათეულობით ნარკომოვაჭრე მოკლეს. ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, აღნიშნულ ნავებს ვენესუელური ბანდები ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის იყენებდნენ.
გამოცემა New York Times წყაროებზე დაყრდნობით 29 სექტემბერს წერდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩევლებმა გააძლიერეს მცდელობები, რათა ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობაში დაარწმუნონ.
