ვენესუელის არჩევნებში მადუროს საკამათო გამარჯვება გამოცხადდა

ოფიციალური მონაცემებით, ვენესუელაში 28 ივლისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა.
ოპოზიცია საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ენდობა და გამარჯვებულად თავის კანდიდატს — ედმუნდო გონსალესს აცხადებს.
ვენესუელის საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, მადურომ ხმების 51,2% მიიღო, ხოლო ედმუნდო გონსალესმა — 44,2%. ვენესუელის საარჩევნო საბჭო მადუროს ლოიალური პირების მიერ არის დომინირებული.
„როიტერსის“ ინფორმაციით, მადურომ, რომელიც კენჭისყრის შემდეგ საპრეზიდენტო სასახლეში გამოცხადდა, განაცხადა, რომ მესამე ვადით მისი არჩევა „მშვიდობისა და სტაბილურობის ტრიუმფია“. მისი გამარჯვების აღსანიშნავად, კარაკასში ფეიერვერკები გაუშვეს და პრეზიდენტის სასახლის თავზე განათებული დრონებით მადურო გამოსახეს.
ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გონსალესმა ხმების 70% მიიღო, რასაც მრავალჯერადი დამოუკიდებელი ეგზიტპოლი და პარალელური დათვლის შედეგები ადასტურებდა. ოპოზიცია ასევე მიუთითებს მრავალმხრივ დარღვევებზე საარჩევნო პროცესში.
„ვენესუელას ჰყავს ახალი არჩეული პრეზიდენტი და ეს არის ედმუნდო გონსალესი. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს მთელმა მსოფლიომ იცის“, — თქვა მან.
Edison Research-ის ეგზიტპოლის თანახმად, გონსალესი ხმების 65%-ს აგროვებდა, ხოლო მადურო — 31%-ს. ადგილობრივმა ორგანიზაცია Meganalisis-ის თანახმად, გონსალესს — 65%, ხოლო მადუროს ამომრჩეველთა 14%-ზე ნაკლები უჭერს მხარს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი „სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას ან ხმებს“.
არჩევნებში ოპოზიცია ერთი კანდიდატის, ყოფილი დიპლომატის, ედმუნდო გონსალესის ირგვლივ გაერთიანდა. არჩევნებზე დაკვირვების საშუალება შესაბამისი პროფილი მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ჰქონდათ, თუმცა ოპოზიციამ საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერების მობილიზაცია გამოაცხადა, ბოლოს კი განაცხადა, რომ მათი დიდი ნაწილი უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს.