ვენესუელამ 24 ნოემბერს უარყო აშშ-ის მიერ სავარაუდოდ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული კარტელის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და “უგუნური ტყუილი“ უწოდა მას კარიბის ზღვის წყლებში ამერიკული სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე.
„ვენესუელა კატეგორიულად, მტკიცედ და აბსოლუტურად უარყოფს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და “უგუნურ ტყუილს”, რომელიც „მზის კარტელს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს… ვენესუელას წინააღმდეგ უკანონო და უსამართლო ინტერვენციის გასამართლებლად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვაშინგტონის მიერ “Cartel de los Soles”-ის („მზის კარტელის“) უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანა ოფიციალურად 24 ნოემბერს შევიდა ძალაში, რამაც კარი გაუხსნა აშშ-ს მიერ ზეწოლის ახალ ფორმებს მემარცხენე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ჩრდილოვან ჯგუფს მადურო მართავს.AFP-ის თანახმად, მადუროს ამ ჯგუფში მონაწილეობის ბრალდების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა.
“მზის კარტელის” ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხვა ლათინური ამერიკიდან აშშ-ის ნარკოტიკებისა და უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია.
აშშ-მ კარიბის ზღვის აუზის წყლებში, ტრამპის ადმინისტრაციის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი და სხვა სამხედრო ძალები განალაგა, თუმცა კარაკასის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ აშშ ვენესუელის მემარცხენე ლიდერის, მადუროს დამხობის ოპერაციას აწყობდნენ.
AFP-ის მიერ საჯარო მონაცემების შეჯამების თანახმად, აშშ-ის ძალებმა, სექტემბრიდან მოყოლებული, საერთაშორისო წყლებში სავარაუდოდ, ნარკოტიკებით გადამტან ნავებზე საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 83 ადამიანი მოკლეს. თუმცა, არ გამოქვეყნებულა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ნავებში ნარკოტიკები იყო.
თუმცა, კარიბის ზღვაში ამჟამად განლაგებული მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობის, მათ შორის ავიამზიდის, გათვალისწინებით, ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხვა ვენესუელის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებას სამართლებრივ საფარს მისცემს.
„მზის კარტელი“ პასუხისმგებელია „ტერორისტულ ძალადობაზე მთელ ჩვენს ნახევარსფეროში“, – განაცხადა რუბიომ 16 ნოემბერს.
შაბათს, ექვსმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით ვენესუელაში ფრენებს აუქმებდნენ.




