ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და დასავლური სანქციების ზეწოლამ ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ეკონომიკური ტრანსფორმაცია მოიტანა: ქვეყნის მოსახლეობისთვის კრიპტოვალუტა მხოლოდ ციფრული აქტივი აღარ არის – ის გადარჩენის ინსტრუმენტად იქცა, როგორც ალტერნატიული ფულადი სისტემა.
ამ ყველაფრის ფონზე კი 2023 წელს ქვეყანაში კრიპტოთი გადარიცხვებმა $9 მილიარდს გადააჭარბა.
Chainalysis-ის მონაცემებით კი, 2024 წლის მეორე კვარტალში ვენესუელის კრიპტოვალუტის ბაზარმა 110 % ზრდა განიცადა და წლის ბოლომდე $20 მილიარდის სავაჭრო მოცულობას მიაღწია.
კრიპტოვალუტა ვენესუელური ბოლივარი
ვენესუელაში ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ვალუტა, ბოლივარი, პრაქტიკულად გაუფასურდა. ეკონომისტების შეფასებით, ეს ჰიპერინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში- მოსახლეობა ყოველდღიურად კარგავდა დანაზოგს, ხოლო საბაზრო ტრანზაქციები ვერ ხერხდებოდა ეროვნული ვალუტით. ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით პოპულარული გახდა სტეიბლქოინები, უფრო კონკრეტულად- USDT, რომელიც დოლართან მიბმული კრიპტოვალუტაა.
კრიპტოვალუტა, როგორც დასავლური სანქციების ალტერნატივა
ვენესუელას მთავრობა არაერთი წელი ცდილობდა დასავლური სანქციების გვერდის ავლას და ეკონომიკური არხების გადანაცვლებას. ერთ-ერთ ასეთ მცდელობად იქცა სახელმწიფო კრიპტოვალუტა Petro, რომელიც, როგორც ხელისუფლება აცხადებდა, უკავშირდებოდა ქვეყნის ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების ფასს. მიუხედავად ამისა, Petro ვერ გახდა ფართოდ აღიარებული საშუალება, არც ქვეყნის შიგნით და არც საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა, ამავე პერიოდში გაიზარდა ადამიანების ინტერესიც და აქტივობაც დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტების მიმართ ბიტკოინი, ეთერიუმი და განსაკუთრებით სტეიბლქოინები, რომელიც ყოველდღიური ეკონომიკური ჩვევების ნაწილად იქცა.
სამთავრობო კონტროლი და რეგულაციები
ვენესუელა ერთ-ერთი პირველი ლათინურ ამერიკაში იყო, ვინც ოფიციალურად სცადა კრიპტოვალუტის რეგულაცია. შეიქმნა სახელმწიფო სააგენტო SUNACRIP, რომელიც აკონტროლებს ციფრულ აქტივებსა და მაინინგს. თუმცა, 2023 წლიდან პოლიტიკური კონფლიქტების ფონზე უწყების ხელმძღვანელობა სკანდალში გაეხვა, ხოლო კრიპტო-მაინინგი დროებით აიკრძალა ენერგოკრიზისის მიზეზით. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიგნით კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა მხოლოდ იზრდება.
ეკონომიკური სტაბილურობის ახალ მოდელზე ფიქრი
ვენესუელას შემთხვევაში კრიპტოვალუტა აღარ არის მხოლოდ ფინანსური ინოვაცია — ის იქცა პასუხად ეკონომიკური კოლაფსისა და პოლიტიკური იზოლაციის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კრიპტო პოლიტიკა ხშირად არაეფექტური ან ქაოტური იყო, მოქალაქეებმა თავად მოიძიეს გამოსავალი. დღეს ვენესუელა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანა კრიპტოვალუტის ყოველდღიური გამოყენებით და რიგით მეორე ლათინურ ამერიკაში (ბრაზილიის შემდეგ) კრიპტო ტვირთბრუნვის მოცულობით.
