ვენესუელაში ხელისუფლების ინიციატივით ჩატარებულ რეფერენდუმში მოქალაქეთა 95 პროცენტმა მხარი დაუჭირა მეზობელი სახელმწიფოს გაიანის, ნავთობით მდიდარი ესეკიბოს რეგიონის ვენესუელასთან მიერთებას. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.
ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ ინიციირებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველს ჰკითხეს, ეთანხმებოდნენ თუ არა ისინი ვენესუელის სახელმწიფოს შექმნას ესეკვიბოს რეგიონში, მის მოსახლეობისთვის ვენესუელის მოქალაქეობის მინიჭებას და “ამ სახელმწიფოს ჩართვას ვენესუელის ტერიტორიის რუკაზე.” რეფერენდუმზე დასმულ შეკითხვა დადებითად უპასუხა 10.5 მილიონზე მეტი ამომრჩევლის უმრავლესობამ.
გაიანის პრეზიდენტმა, ირფან ალიმ, რეფერენდუმის შედეგების შეჯამებამდეც კი განაცხადა, რომ ვენესუელის ხელისუფლების ასეთ ქმედებებს აგრესიის გამოვლინებად მიიჩნევს.
გაიანის არაერთი წარმომადგენელი შიშობს, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს ძლიერი სამხედრო პოტენციალი, რეფერენდუმის შედეგები შეიძლება გაიანის სამხედრო შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მსგავსი გეგმები არ არსებობს და რეფერენდუმი ტარდება, რათა ვენესუელის ხელისუფლებამ შესაძლო მოლაპარაკებებში მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვოს.
რეფერენდუმი, რომელსაც ვენესუელის ხელისუფლებამ საკონსულტაციო უწოდა, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ჩატარდა.
1899 წელს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ გაიანა-ესეკიბოს ტერიტორია აღიარა გაიანის ნაწილად. მაშინ ეს იყო დიდი ბრიტანეთის კოლონია. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2015 წელს სადავო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს.
რეფერენდუმამდე პრეზიდენტმა მადურომ განაცხადა, რომ გაიანას ესეკიბოს ნავთობით მდიდარი რეგიონი ვენესუელას ეკუთვნის. გაიანას მოსახლეობა 800 000 ადამიანს შეადგენს, რაც მკვეთრად ჩამოუვარდება 28 მილიონიან ვენესუელას. სადაო ტერიტორია გაიანას ტერიტორიის ორ-მესამედს შეადგენს და მისი ფართობი 159 500 კვადრატული კილომეტრია.
ვენესუელა ახლა ცდილობს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და ამტკიცებს, რომ ეს უსამართლო იყო. გაიანის ხელისუფლებამ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო სასამართლოში. რეფერენდუმის წინ, ამ სასამართლომ დაადგინა, რომ ვენესუელამ არ უნდა მიიღოს ქმედებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა გაიანის კონტროლს ტერიტორიაზე, მაგრამ პირდაპირ არ აკრძალა ხმის მიცემა.