დონალდ ტრამპმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კარაკასში წარმატებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციისა და ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელაზე დროებით მმართველობას ამერიკა გადაიბარებს.
მას მმართველობის კონკრეტული ვადები თუ პირობები არ განუხილავს, თუმცა აღნიშნა, რომ სანამ უსაფრთხო, სათანადო და გონივრული ალტერნატივა არ მოიძებნება, მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის შესანარჩუნებლად ვენესუელას მართვას ამერიკა გააგრძელებს.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ კონტროლს აიღებს ვენესუელას ნავთობის უზარმაზარ რეზერვებზე და ამერიკულ კომპანიებს დაიქირავებს მილიარდობით დოლარის ინვესტიციისთვის ქვეყნის განადგურებული ინდუსტრიის აღსადგენად. მისი თქმით, ადგილობრივებისთვის ეს სიმდიდრის, უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მომტანი იქნება.
ნიკოლას მადუროს, სავარაუდოდ, დღეს ჩაიყვანენ ნიუ-იორკში, სადაც მას ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლებენ. ამერიკის პრეზიდენტი იუწყება, რომ აშშ მზადაა თავდასხმის მეორე ტალღისთვისაც, თუმცა არ ჰგონია, რომ ამის საჭიროება დადგება.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს, დილით, აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელაში სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე, დარტყმების ბრძანება გასცა. წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დაკავებული არიან ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი.




