„ვენახზე ქიმიური დანამატების გამოყენება უნდა აიკრძალოს“ – „ჭრებალოს მარანი“

“ჭრებალოს მარნის” მენეჯერის, ნათია ლოლუას შეფასებით, საქართველოში ბიო მევენახეობის განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვენახებში შხამქიმიკატების ფართო გამოყენება სერიოზულ პრობლემად რჩება.
მარნის მენეჯერის აზრით, ყურძნისთვის დიდი რაოდენობით ქიმიური დანამატის მიღება უნდა აიკრძალოს, ხოლო ბიო მევენახეობის ხელშეწყობა ქვეყნის ღვინის ინდუსტრიას ჯანსაღი განვითარებისა და მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
“საქართველოში ბიო მევენახეობა, კიდევ უფრო თუ განვითარდება მივესალმები, რადგან ვენახები იმდენი შხამქიმიკატით იწამლება ადამიანმა არ შეძლება მოიხმაროს. ზოგად ჭრილში კი, ყურძნისთვის ამდენი დანამატის მიცემა უნდა აიკრძალოს. ბიო მევენახეობა, თუ განვითარდება და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, ბაზარზე ღვინის დეფიციტი არ შეიქმნება, შეიძლება მოსავლის რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ ფასის დიაპაზონი გაიზრდება – ჩვენს ნიშას დავიკავებთ და რაც მთავარია, ჯანსაღ პროდუქტს შევქმნით”, – აღნიშნავს ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი.
ნათია ლოლუას ინფორმაციით, ფინანსური თვალსაზრისით, ბიო მევენახეობა უფრო ეკონომიურია, ვიდრე ქიმიური დანამატებით ყურძნის წარმოება.
“ფინანსური კუთხით, რომ გესაუბროთ, ვენახისთვის ათასი სახის დანამატები გაცილებით დიდ თანხაზე ადის, ვიდრე ბიო მიმართულებით ღვინის წარმოება. რაც შეეხება პრობლემატურ საკითხს – მევენახეებს ხშირად ვენახი მიჯრით აქვთ, ანუ ერთი მეღვინე, თუ შხამქიმიკატს იყენებს, შენ ბიო მიმართულებას მიჰყვე რთულია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით, ქიმიურ დანამატებს არასდროს ვიყენებთ.
მოთხოვნას, რაც შეეხება ჩვენს მარანში ბიო ღვინოს იშვიათად ითხოვენ, ძალიან კარგი იქნება, თუ პოპულარული გახდება”, – აღნიშნავს ნათია ლოლუა.
ღვინის მარნის წარმომადგენელი ზაფხულის სეზონზე მომხმარებლების რაოდენობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, გაზრდილი იყო. ნათია ლოლუას ცნობით, ზრდის მიზეზები კომპლექსურია, თუმცა ზოგად ჭრილში – რაჭის მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა. ამასთან, ობიექტზე არსებულ რესტორანს მეორე დარბაზიც დაემატა, შესაბამისად, ახლა უკვე მეტი მომხმარებლების მიღება შეუძლიათ.
“ზაფხულის სეზონი დატვირთული იყო. სტუმრების უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა გახლდათ, განსაკუთრებით თბილისიდან ჩამოდიოდნენ. უცხოეთიდან ამ ეტაპზე, ებრაელი ვიზიტორები არიან. ზოგადად, საკუთარი მომხმარებელი გვყავს, რომლებსაც ჩვენი პროდუქცია ძალიან მოსწონს. დრო გადის, ბაზარზე აქტიურად ვოპერირებთ, ამიტომ მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება. ამასთან, სოციალურ ქსელში აქტიურები ვართ, ძალიან დიდ ყურადღებას სწორ მარკეტინგულ ჩართულობას ვუთმობთ”, – აღნიშნავს ღვინის მარნის მენეჯერი.
ნათია ლოლუა წარმადობის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანია წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
“ადგილობრივი რაჭა-ლეჩხუმის ჯიშებისგან ვაწარმოებთ სხვადასხვა, ტრადიციულ, ახალ ღვინოს, რომელიც ჩვენ შევქმნით. საექსპორტო ბაზრის გაფართოებას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავთ. ექსპორტზე, მაგალითად, -ში, გერმანიაში გავდივართ. ასევე ადგილობრივ ბაზარზეც ვართ წარმოდგენილი, 8 000-ს მოსავალში შეგიძლიათ, გვნახოთ. ერთი ბოთლი ღვინის საშუალო დიაპაზონი 25 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს”, – აცხადებს ნათია ლოლუა.
ცნობისთვის, მარანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში მდებარეობს. ვენახის ფართობი 10 ჰექტარია. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.
კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. “ჭრებალოს მარანი” რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 6 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. მარანში ხდება ასევე ჭაჭის წარმოებაც.
წყარო: ბიზნესპარტნიორი