ვემშვიდობებით ქალს, რომელმაც მსოფლიო კინო სამყარო შეცვალა: უკანონო შვილი, დიდი გამართლება და დიდება – Marao

კლაუდია კარდინალე, იტალიური კინოს ლეგენდა, რომლის ცხოვრება და შემოქმედება დაუვიწყარ კვალს ტოვებს მსოფლიო კინო სამყაროში, 2025 წლის 23 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთში. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ისეთი ფილმებში, როგორებიცაა „8 ½“, „გეპარდი“ და „ერთხელ დასავლეთში“.
კლაუდია კარდინალე დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს, ტუნისში, სიცილიელი მშობლების ოჯახში. ბავშვობაში ფრანგულად და იტალიურად საუბრობდა, თუმცა იტალიურ კინოში გადაღებების დროს ძლიერი აქცენტის გამო ხშირად ახმოვანებდნენ.
მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა 1957 წელი, როდესაც კონკურსში „ყველაზე ლამაზი იტალიელი ტუნისში“ გაიმარჯვა. პრიზად კი ვენეციის კინოფესტივალზე გაემგზავრა. სწორედ აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა.
კარდინალეს პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო ფილმში „I soliti ignoti“, რომელმაც კრიტიკოსთა ყურადღება მიიპყრო. 1960-იან წლებში მისი კარიერა სულ უფრო იზრდებოდა. მან მონაწილეობა მიიღო ლუკინო ვისკონტის „გეპარდში“, ფედერიკო ფელინის „8 ½“-ში და სერჯო ლეონეს ვესტერნში „ერთხელ დასავლეთში“. ეს როლები კარდინალეს მსოფლიო კინოს სიმბოლოდ აქცევდა.
ჰოლივუდშიც ჰქონდა წარმატებული კარიერა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი „The Professionals“ და მონაწილეობა „ვარდისფერი პანტერას“ სერიაში. მიუხედავად ამისა, იგი ყოველთვის ევროპული კინოს ერთგულად რჩებოდა და მთლიანად ამერიკულ კინოინდუსტრიაში გადასვლა არ ისურვა.
1966 წელს კლაუდია კარდინალე დაქორწინდა პროდიუსერ ფრანკო კრისტალდიზე, თუმცა მათი ქორწინება 1975 წელს დასრულდა. მოგვიანებით, მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა რეჟისორი პასკუალე სკვიტიერი, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში თანაცხოვრობდა.
კლაუდიას ორი შვილი ჰყავს.
პატრიციო, რომელიც ახალგაზრდა ასაკში, 1958 წელს შეეძინა. გარკვეული პერიოდი კარდინალს საზოგადოებას შვილს როგორც ძმას აცნობდა, რადგან იმ დროის საზოგადოებრივი მორალი თავისუფალ დედობაზე მკაცრი იყო.
სილამაზის კონკურსის წინ კლაუდიამ შეამჩნია, რომ მას საეჭვო მამაკაცი მიჰყვებოდა. ის ყოველთვის ელოდა მას გაკვეთილების შემდეგ, ყველგან მიჰყვებოდა, რამაც უდავოდ შეაშინა ახალგაზრდა ლამაზმანი. ერთ დღეს მეგობარმა ჰკითხა, სურდა თუ არა კლაუდიას ახალგაზრდა კაცის გაცნობა… გოგონაც დათანხმდა. მან კლაუდია გაკვეთილის შემდეგ სასეირნოდ წაიყვანა.
მანქანაში რომ ჩასხდნენ, მამაკაცმა გოგონა არასწორი გზით წაიყვანა. ისინი მანქანით გავიდნენ ქალაქიდან, სადაც კლაუდია გააუპატიურეს. მოძალადემ მას გაჩუმება უბრძანა. მალევე გაირკვა, რომ შვილს ელოდა. მამაკაცმა შესთავაზა ბავშვის მოშორება; კლაუდიამ კი უარი განაცხადა.
ორსულობის მე-7 თვეში თითქმის შეუძლებელი იყო მისი მუცლის დამალვა. ოჯახმა გოგონა ბრიტანეთში გაგზავნა, კლაუდიამ 19 წლის ასაკში ვაჟი, პატრიციო ფარულად გააჩინა. მშობლებთან და პროდიუსერებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი არ გაეხმაურებინა, რომ კარიერაში პრობლემები არ შეჰქმნოდა. კარდინალეს შვილს მისი მშობლები ზრდიდნენ და მრავალი წლის განმავლობაში ბიჭი ფიქრობდა, რომ კლაუდია მისი უფროსი და იყო.
მეორე შვილი კლაუდია, რომელიც 1979 წელს დაიბადა და რომლის მამაც პასკუალე სკვიტიერი იყო.
კლაუდია კარდინალეს სახელი დაუკავშირდა არა მხოლოდ კინოს დიდებულ ეპოქას, არამედ ქალის სიმტკიცესა და თავდადებას. მისი როლები დღესაც ითვლება ევროპული კინოს კლასიკად, ხოლო ცხოვრების გზა – მაგალითად ძლიერებისა და თავდაჯერებულობის. მისი გარდაცვალებით მსოფლიომ დაკარგა არა მხოლოდ მსახიობი, არამედ ეპოქის სიმბოლო, რომლის სილამაზეც და ნიჭიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიაში.