აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე ადვოკატები ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ. შუამდგომლობის განხილვა გრძელდება.
„ველოდებოდით ყოველ პროცესზე მოწმეს, ან რაიმე მტკიცებულებას, რომელიც თქვენ გაგიღრმავებდათ იმ განცდას, რომ აქ ჩადენილია ჯგუფური ხასიათის დანაშაული, განსაკუთრებით, 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, არათუ ვერცერთი მოწმისგან ვერ მოვისმინე მტკიცებულება ან ინფორმაცია ამის დამადასტურებელი, წერტილი დაუსვა და არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი, ფარდა ახადა გამომძიებლის სიტყვებმა ბრალდების მხარის პოზიციას, მთავარმა გამომძიებელმა დაადასტურა, ის, რასაც ჩვენ აქამდე ვამბობდით.
ფაქტობრივად, თქვენ დღეს ხელში გაქვთ საქმის მთავარი გამომძიებლის ნაამბობი, ეს ნამდვილად არ არის ახალი არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხი, არამედ მტკიცებულება, ბატონო მოსამართლე, ვინაიდან მტკიცებითი ძალა აქვს ამას, რაც სასამართლოში ილაპარაკა. ფაქტობრივად, მან გვითხრა ის, რომ არც ონისე ცხადაძეს, არც ერთ პირს ვინც ბრალდებულის სკამზე იმყოფება, ვციტირებ მის სიტყვებს: „პირდაპირი კავშირი, პირდაპირი კონტაქტი არ დგინდება ორგანიზატორებთან”, – უთხრა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.
ადვოკატების თქმით, საქმეზე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი და ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის აუცილებელი კომპონენტები.
