ველი პასუხს, როდის დაინიშნება შეხვედრა | მასწავლებელმა ღამე სამინისტროსთან გაათენა

პედაგოგების ნაწილი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს – ერთ-ერთმა მათგანმა, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, გუშინ ღამე განათლების სამინისტროსთან გაათენა. მასწავლებლები ხელფასის ზრდასა და დირექტორის გარეშე დარჩენილ სკოლებში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნას ითხოვენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი უსამართლო იყო.
“მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ სკოლებში, სამართლიან გარემოში და სამართლისთვის ბრძოლა ჩვენ არ გვიხდებოდეს. აი აქ ვდგავარ, გელოდებით და პასუხს ველი თქვენგან, როდის დაინიშნება შეხვედრა, რომელზეც ამ კითხვებს მიიღებთ. ხელფასის ზრდასთან დაკავშირებული საკითხები და დისკრეციით დანიშვნის უფლებას იყენებთ, თუ არ იყენებთ იმ არგუმენტების შემდეგ, რომლებსაც მოგაწვდით ჩვენ. სკოლაში უნდა მივიდე და გაკვეთილები უნდა ჩავატარო, გაკვეთილების შემდეგ ისევ მოვალ და დავდგები აქ, სანამ არ გვიპასუხებთ, ბატონო მინისტრო, მანამდე არ ვაპირებთ ფეხის მოცვლას”, – ამბობს მასწავლებელი, მაია ეკალაძე.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა 900-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდა, თუმცა სამინისტრომ, აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი არჩევნებს მიღმა დარჩა.
სკოლების ნაწილმა, მათ შორის ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლამ და წალენჯიხის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლამ, ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლამ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი არ აირჩია. იხილეთ ასევე:
· საჯარო სკოლების დირექტორთა პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა უკანონო და დაუშვებელი პრაქტიკაა | TI