„ვეი მარტი“ უკვე 70-ზე მეტ „სოკარის“ სადგურზეა ხელმისაწვდომი – კომპანია ქსელის გაფართოებას განაგრძობს

ნავთობპროდუქტების რეალიზატორი კომპანია „სოკარის“ მაღაზიათა ქსელი – „ვეი მარტი – შენი მეგობარი გზაზე“ – უკვე 70-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურზე ფუნქციონირებს.
როგორც „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ აღნიშნა, კომპანია მიზნად ისახავს, „ვეი მარტის“ მაღაზიები საქართველოს ყველა ავტოგასამართ სადგურზე დანერგოს და მომხმარებელს უფრო კომფორტული მომსახურება შესთავაზოს.
„მაღაზიების რაოდენობა მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად გავაორმაგეთ. ვცდილობთ, რომ „ვეი მარტის“ ფილიალები ყველა ლოკაციაზე ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადა ყანჩაველმა.
მისი თქმით, სხვადასხვა სადგურზე წარმოდგენილია როგორც მცირე ზომის, ისე ფართო ფორმატის მაღაზიები, რომლებიც სწრაფი კვების სივრცით, ღია სამზარეულოთი, იტალიური ყავითა და ექსკლუზიური პროდუქციითაა აღჭურვილი.
„გვინდა, ვიზიტი მომხმარებლისთვის სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ – მანამ, სანამ ჰოთ-დოგს დააგემოვნებს ან ავტომობილს დატენის, მომხმარებელმა 15-20 წუთით ან ნახევარი საათით კომფორტულად დაყოვნების საშუალება უნდა მიიღოს“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
„სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მოწყობილია მოსასვენებელი ზონებიც, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მშვიდ გარემოში დაისვენოს და ყავა მიირთვას.