,,… ვგულისხმობთ ბელადომანიას, კერპთაყვანისმცემლობას, და ჩრდილოვანი ოლიგარქიული მართვის მცდელობას…” – რას აქვეყნებს გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს” ლიდერი, :
ჩვენი პოზიცია არსებულ ვითარებაზე:
📌ევროპულ საქართველოს მხარდაჭერის არსებითი ზრდა ( თბილისში ნედლი – ალოკაციის გარეშე 5.4 %, ქვეყანაში შინაარსობრივი ალოკაციით 4.4 %)
📌საუკეთესო შედეგი ოპოზიციისათვის სამი ცენტრის ჯამს მოაქვს და არა ერთ საარჩევნო სუბიექტად შეკვრას
📌საუკეთესო სინერგია აქვს ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს საარჩევნო ერთეულად ქცევას – 2.5 %-ით მეტი ვიდრე ამ პარტიების რეიტინგის მექანიკური ჯამია.
📌ოპოზიციური და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტი არ უჭერს მხარს ოპოზიციის ერთიანი სიით გასვლას არჩევნებზე
ორი კვირის წინ, ევროპულმა საქართველომ საზოგადოებას გააცნო ხედვა – ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის საუკეთესო გზა იყო არა ყველა ოპოზიციური პარტიის შერწყმა და მოქალაქეებისათვის არჩევანის შეზღუდვა, არამედ რამდენიმე სიმძიმის ცენტრის შექმნა და მათ შორის, პირველ რიგში, იმ ტიპის საარჩევნო კოალიციის ჩამოყალიბება პროდასავლური ოპოზიციის შიგნით, რომელიც გააქარწყლებდა, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას, სააკაშვილის და კეზერაშვილის ერთობის მთავარ ალტერნატივად წარმოჩენის თაობაზე.
ეს ხედვა ჩვენ გავაცანით პარტნიორ, კონკურენტ პარტიებსაც. ამის შემდეგ ჩატარდა კვლევა, არასამთავრობო ორგანიზაციების და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ, ევროპული საქართველოს მონაწილეობის გარეშე და ამ კვლევამ დამატებითი არგუმენტები შესძინა ჩვენს ხედვას.
ამ კვლევამ დაადასტურა, რომ რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის ჯამური შედეგი, არსებითად უკეთესია ე.წ. ერთიანი სიის შედეგზე.
ამ კვლევამ ასევე აჩვენა ევროპული საქართველოს მზარდი რეიტინგი. კერძოდ, შინაარსობრივი ალოკაციით 4.4% მთელ ქვეყანაში, თბილისში კი ჩვენი ნედლი მხარდაჭერა 5.4 პროცენტია – ანუ, სწორი კამპანიის შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა.
თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვთვლით და კვლევამაც გვიჩვენა, რომ ყველაზე სასარგებლო და სწორი გზა არის იმ ტიპის პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც ჯამში მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციურ ამომრჩეველს.
ამავე კვლევამ აჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ჰქონდა ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებას, რომელიც 2;5%-ით მეტ შედეგს დებს, ვიდრე ამ პარტიების რეიტინგების მექანიკური ჯამი.
ამავე დროს, ოპოზიციური ამომრჩევლის და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60%-ზე მეტი არ უჭერს მხარს ერთიან სიას იდეას.
იმ ტიპის სიმძიმის ცენტრის შექმნა პროდასავლურ ოპოზიციაში, რომელიც ცალსახად მთავარ ოპოზიციურ სუბიექტად იქნება წარმოჩენილი, რომელიც მკაფიოდ გაემიჯნება კეზერაშვილის და სააკაშვილის ალიანსს, საუკეთესო გზაა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.
ჩვენ ამ კვლევის შედეგების გაცნობამდე და ამის შემდეგაც მივმართეთ საჯაროდ და არასაჯაროდაც, ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, თუმცა, საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ დუმილია. ვისმენთ მხოლოდ სატელევიზიო ზოგად განცხადებებს და პროცესი, რეალური მოლაპარაკებებისა, სადაც ბევრი რამეა სწრაფად გასარკვევი, რათა ამომრჩეველმა ნათლად დაინახოს სურათი, არსად არ მიდის და ფაქტობრივად ჩიხში არის შეყვანილი.
ჩვენ არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი, თუმცა, ფაქტია, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის ამ გაერთიანებისათვის იყო და არის მკაფიო დისტანცირება, გამიჯვნა და დაგმობა იმისა, რასაც ვხედავთ სააკაშვილ-კეზერაშვილის ალიანსში, ვგულისხმობთ ბელადომანიას, კერპთაყვანისმცემლობას, და ჩრდილოვანი ოლიგარქიული მართვის მცდელობას – ანუ ყველაფერ იმას რითაც ივანიშვილის რეჟიმს დაემსგავსა დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა. თუ ეს მიდგომა მიუღებელია იმ პოლიტიკური პარტიებისათვის რომლებსაც ჩვენ მივმართეთ, ეს საჯაროდ ცნობილი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
ჩვენ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია მათი მხრიდან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებები ბლოკების გაკეთების თაობაზე მაშინ, როდესაც რეალურად მოლაპარაკებები ევროპულ საქართველოსთან არ მიმდინარეობს.
ამ კითხვებზე, თუ რატომ არ მიდის ეს პროცესი წინ და რატომ შევიდა ჩიხში, მათ უნდა გასცენ პასუხი. ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს დღეს არსებული ვითარების შესახებ.
აქვე იხილეთ კვლევის შედეგები:
თეგები: გიგა ბოკერია