550-ზე მეტი ქართველი არქიტექტორი და დიზაინერი რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მისაღებად ახალისებს ძალადობრივ გარემოსა და პოლარიზაციას საქართველოში.
“მიგვაჩნია, რომ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ცვლის მის კურსს ევროპული ორბიტიდან და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარებას. ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, საკუთარი მოქალაქეების დაშინებითა და დასავლელი პარტნიორების სრული იგნორირებით მიიღოს ეს კანონი.
მოვითხოვთ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უკან იქნას გაწვეული “რუსული კანონი”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერთა სია განახლებადია და ის შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი საბოლოო, მე-3 მოსმენით მიიღო.
