„ვგმობთ ეთნიკური ნიშნით დისკრედიტაციას და დისკრიმინაციას“ – ტოლერანტობის საბჭო POSTV-ის სიუჟეტზე

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ეთნიკური უმცირესობების საბჭო ეხმაურება ხელისუფლების მხარდაჭერი ტელეარხის, „პოსტივის“ ბოლოდროინდელ სიუჟეტებს მამუკა ხაზარაძის ეთნიკური წარმომავლობის შესახებ.
ერთ-ერთ სიუჟეტში ტელეარხის ჟურნალისტი ეკითხება ხაზარაძეს, რატომ „მალავს იგი სომხურ წარმომავლობას“.
„ჩამოთვლილ შემთხვევებში საქმე გვაქვს არმენოფობიული განწყობით პოლიტიკურ მანიპულირებასა და პოლიტიკური ბრძოლის ბინძურ მეთოდთან, კონკრეტული პოლიტიკოსისთვის სხვა ეთნოსის იდენტობის გამიზნულ მიწერასთან და ამ საფუძველზე არმენოფობიური პროპაგანდისა და პოლიტიკური დისკრედიტაციის დაუშვებელ, ღირსების შემლახველ მცდელობასთან“, – მიიჩნევს საბჭო.
საბჭოს აზრით, არმენოფობია წარმოადგენს მავნებლურ და ქვეყნის ინტერების საზიანო „ტრადიციას“, ხოლო „პოსტვ“ ცდილობს მის გაცოცხლებას – „ეთნიკური ნიშნის გამოყენებას პოლიტიკური დისკრედიტაციის, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპული წარმოდგენებით მანიპულაციისთვის“.
„საბჭო მოუწოდებს ხსენებულ არხსა და არმენოფობიის გამავრცელებელ სხვა სუბიექტებს, ეთნიკური იდენტობის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენების გამო საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და სამომავლოდ უარი თქვას მსგავს პრაქტიკაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს, თანასწორუფლებიანობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს და შეუსაბამოა ტოლერანტობისა და ღირსების შესახებ ქართული, უფრო ზოგადად, – კავკასიური წარმოდგენებისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საბჭო ამავე განცხადებაში საუბრობს „რუსთავი 2“-ის მიერ აზერბაიჯანულ თემთან ტერმინ „დიასპორას“ გამოყენებაზე და აცხადებს:
„საქართველო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, საქართველოს მოქალაქეები განსხვავდებიან ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ნიშნით, მაგრამ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვართ საქართველოს მოქალაქეები, ხოლო ტერმინი „დიასპორა“ ატარებს შინაარსს, რომლის მიხედვით დიასპორის წევრები სამშობლოდ სხვა ქვეყანას მიიჩნევენ და შესაბამისად, სხვა ქვეყანას წარმოადგენენ ახლანდელი განსახლების ქვეყანაში. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური საბჭო მოუწოდებს ხსენებულ მედიას, მსგავსი ტერმინები აღარ გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეთა ჯგუფებისა თუ მთელი თემის აღწერისას, მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისას; აქვე გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედიას, პარტიას, პოლიტიკოსს, საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ჩართულ ორგანიზაციებსა და პიროვნებებს, უარი თქვან ხსენებული ტერმინით საქართველოში ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის მოხსენიებაზე, რადგან ჩვენ არ ვართ დიასპორა, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი საერთო სამშობლო არის საქართველო!“.
განცხადებას ხელს აწერენ საბჭოში შემავალი შემდეგი ორგანიზაციები:
· სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
· ქართულ-უკრაინული წიგნისა და პრესის სახლი
· ქართველ სომეხთა კავშირი
· ღია საზღვრები
· საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა
· საქართველოს უდიები
· სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
· სოლიდარობის მოძრაობა
· საქართველოს ქურთული ასოციაცია „რონაი“
· სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“
· სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი

ასევე დაგაინტერესებთ