ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოს შესახებ განცხადებას აქვეყნებენ და იმედგაცრუებას გამოხატავენ „მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს მოლაპარაკებები ამ თემაზე 2028 წლამდე. ეს სერიოზული დარტყმაა ქართველი ხალხის იმედებზე“.
„ვინაიდან ინტეგრაცია ევროკავშირში არის საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი ვალდებულება, გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებას მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს მოლაპარაკებები ამ თემაზე 2028 წლამდე. ეს სერიოზული დარტყმაა ქართველი ხალხის იმედებზე.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაამძიმა სერიოზულმა დარღვევებმა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობა.
ვგმობთ ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და იმ ადამიანების დაპატიმრებას, ვინც თავის უფლებებს იყენებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს. ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
აქამდე, ბალტიის სამივე ქვეყანამ პერსონალური სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს. კიდევ უფრო მეტ პირს პერსონალური სანქციები დაუწესა უკრაინამ.