ვგეგმავთ, შედარებით იაფფასიანი ქსელის განვითარებას და თვითმომსახურების ობიექტების დამატებას – „ვისოლის“ გენერალური დირექტორი

ჩვენს ინტერესებშიც არის, ნეიტრალურმა სტრუქტურამ დადოს დასკვნა, რათა საზოგადოებისთვის, მომხმარებლისთვის იყოს ცნობილი, რომ კომპანიები დღეს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში არიან და ფასნამატი, რომელიც ვრცელდება, არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ის ნიშნულია, რომელიც აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის, – აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
როგორც ვასილ ხორავა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, კომპანიას გეგმაში აქვს შედარებით იაფფასიანი ქსელის განვითარება, რაც მალე დაანონსდება.
„სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე წარვადგინეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება ნავთობ პროდუქტების იმპორტი, რა პრობლემები არსებობს ინდუსტრიაში, რა ტურბულენტობაა მოწოდებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საკმაოდ გართულებულია იმპორტი წინა წლებთან შედარებით, რისი მიზეზიც რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაციაა.
ჩვენ გვყავდა და გვყავს კიდეც ევროპელი პარტნიორები, რომლებისგანაც ვიღებთ ნავთობ პროდუქტებს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში საკმაოდ გაზრდილია მოხმარება და ამის გათვალისწინებით, ხდება გრძელვადიანი კონტრაქტების ჩანაცვლება სპოტ კონტრაქტებით, როცა თითოეულ თვეზე ახალი კონტრაქტის გაფორმება ხდება. ანუ გრძელვადიანობის სტაბილურობა და კომფორტი, რაც იყო წინა პერიოდში, შედარებით დარღვეულია, რაც გარკვეულწილად ფასებზეც აისახება. როცა მომწოდებელთან გრძელვადიან კონტრაქტს აფორმებ, შესაბამისად, უფრო დაბალ ფასს იღებ. ეს ვრცელდება ჩვენს ისტორიულ მომწოდებლებზეც, როგორებიცაა: ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ნავთობ პროდუქტების იმპორტი ზღვით ხორციელდება“, – აცხადებს ვასილ ხორავა.
მისივე განმარტებით, საწვავის ფასის ფორმირებაზე უმთავრეს გავლენას საერთაშორისო ფასები და ლარის გაცვლითი კურსი ახდენს. სწორედ ეს ორი კომპონენტი წარმოადგენს ცვლად შემადგენელს, დანარჩენი ციფრები, რაც იქნება დაკავშირებული ლოგისტიკასთან, საბაჟო გადასახადები და სხვა მოსაკრებლები, რომლებიც საჭიროა, რომ პროდუქტი შემოვიდეს საქართველოში, ხორავას თქმით, შედარებით სტაბილურია.
„ისტორიულად საქართველოში დასავლეთი და თუნდაც აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ფასებია და ეს არის მოცემულობა, რომელიც დიდწილად განპირობებულია შედარებით დაბალი საბაჟო გადასახადებით. რაც შეეხება საკითხს, როგორ ვუყურებთ ფასის შემცირების ნაწილს, ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ფასი სწორად ყალიბდება და კონკურენცია არის ყველაზე კარგი ფილტრი, როგორ უნდა იყო ბაზარზე წარდგენილი, მაგრამ დამატებით, რა ღონისძიებებსაც კომპანია ატარებს, გეგმაში გვაქვს ჩვენს ინფრასტრუქტურაში მოვახდინოთ შედარებით იაფფასიანი ქსელის განვითარება და ამას მალე დავაანონსებთ. გარდა ამისა, ვაპირებთ თვითმომსახურების ობიექტების დამატებას, რაც ლიტრზე დაახლოებით 10-15 თეთრის დაკლების საშუალებას მოგვცემს. ასევე, ვავითარებთ ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურას. „ვისოლი“ ყოველთვის ეძებს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში რესურსსა და სივრცეს, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და მომხმარებელს მაღალი ხარისხი და მომსახურება მისცეს“, – აღნიშნავს ვასილ ხორავა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)