“ვგეგმავთ საწარმოს გახსნას, საიდანაც ფილიალებს მოვამარაგებთ” – “ცეცხლი აინთოს” გეგმები

„ცეცხლი აინთო“ ასე ჰქვია ობიექტს, რომელმაც მწვადს ახალი კონცეფცია მოუფიქრა და ქართული სწრაფი კვების კომპანიის შექმნა დაისახა მიზნად. იდეამ გაამართლა. როგორც დამფუძნებლები უწოდებენ – „ახალგაზრდული სამწვადე“ დღეს თბილისში უკვე ორ ფილიალს აერთიანებს. „ცეცხლი აინთოს“ სწრაფი კვების რესტორნებს – ვაკეში, აბაშიძის აბაშიძის 10-ში და საბურთალოზე, ტაშკენტის 10 ნომერში შეხვდებით. „ცეცხლი აინთოს“ მენიუს ძირითადი პროდუქტი – კახური, კლასიკური და ქათმის მწვადია.
„ცეცხლი აინთოს“ დამფუძნებელი „საქმიანი დილას“ ეთერში ობიექტის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. როგორც მიხეილ ჩაფურიშვილი აღნიშნავს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კომპანია საწარმოს გახსნას აპირებს, რომელიც ფილიალების მომარაგებას უზრუნველყოფს.
„ჩვენი პირველი მიზანი თბილისის სრულად ათვისებაა. ამის შემდგომ კი გვინდა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო გავხსნათ, საიდანაც ცენტრალიზებულად მოხდება ფილიალების მომარაგება. ვფიქრობ, შემდეგ წელს უკვე საწარმო გვექნება, რათა ჩვენი ობიექტები მომარაგდეს. რაც შეეხება რეგიონებში გაფართოებას, ამას მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც თბილისის სხვადასხვა უბანში „ცეცხლი აინთოს“ რესტორნებს გავხსნით“ – ამბობს „ცეცხლი აინთოს“ დამფუძნებელი.
მიხეილ ჩაფურიშვილი ახალი, ვაკის ფილიალის შედეგებზეც საუბრობს, რომელიც სულ რაღაც ერთია თვეა ოპერირებს.
„ვაკის ფილიალი 15 სექტემბერს გაიხსნა. რესტორანმა დაახლოებით 1 თვეში მოახერხა და გავიდა იმ მაჩვენებელზე, რომელზეც საბურთალოს ფილიალი 6-7 თვის თავზე იყო. ვაკეში ფილიალის გაჩენამ მოგვცა საშუალება უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ, ასევე მიტანის სერვისის არეალიც გავაფართოვეთ“ – აღნიშნავს ის.