„ვგეგმავთ, რომ ქართული პროდუქტით სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც შევიდეთ“ – „აგრითაჩი“

დღეიდან ქართული პროდუქტები დოჰას LuLu Hypermarket-ის ყველა ქსელში გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას „აგრითაჩისა“ და Blueberry Farm-ის დამფუძნებელი, ლურჯი მოცვის ასოციაციის პრეზიდენტმა ეკატერინე ვეფხვაძემ გაავრცელა. მისივე ცნობით ქართული ჩაი, თაფლი, წყალი, ნიგოზი, წვენები, ჯემები, მურაბები, საწებლები და ტყემლები საუკეთესო ბრენდების გვერდით იქნება წარმოდგენილი, ამის კონსოლიდატორი და ექსპორტიორი კი, „აგრითაჩია“.
„კომერსანტი“ დამატებით ინფორმაციისთვის „აგრითაჩში“ ექსპორტის მიმართულებით პროექტის დირექტორს კონსტანტინე მდინარაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, პროცესი საკმაოდ კომპლექსური იყო და რამდენიმე თვე დასჭირდა. კომპანია სამომავლოდ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს პროდუქციის შეტანას.
„პროცესი საკმაოდ კომპლექსური იყო, მარტიდან მოყოლებული ვმუშაობთ, დრო სჭირდებოდა აღნიშნული პროდუქტების იქ დარეგისტრირებას. ეს იყო სატესტო, საცდელი პარტია, გავიტანეთ შერეული პროდუქცია, 6 კომპანიის პროდუქტი წავიდა, ვფიქრობთ რომ ამ პროდუქტების რაოდენობა გაიზრდება და სხვა პროდუქტების ასორტიმენტიც დაემატება, ვაპირებთ, რომ ყურის სხვა ქვეყნებშიც შევიდეთ.
ფრეშ პროდუქციის მიმართულებით კომპანია „აგრითაჩი“ სპარსეთის ყურის ქვეყნებში დიდი ხანია რაც მუშაობს, თუმცა ამ ბაზარზე მულტიბრენდული პროდუქცია პირველად მოხვდა, ვნახოთ როგორი იქნება მოთხოვნა, რა ინტერესს გამოიწვევს ჩვენი პროდუქტები აღნიშნულ ბაზარზე. LuLu Hypermarket სპარსეთის ყურის სხვა სხვა ქვეყნებშიც არის წარმოდგენილი, წინასწარი მოლაპარაკებები გვაქვს, რომ ქსელში ვიქნებით თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით რომელ ქვეყანაში. ორი დღეა რაც გაყიდვა დაიწყო და ველოდებით მომხმარებლის გამოხმაურებას, შემდეგ უფრო აქტიურად შევძლებთ აქტივობების დაგეგმვას“ – აღნიშნა კონსტანტინე მდინარაძემ.