მოძრაობა „სოციალური დემოკრატიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახუშტი მენაბდე, 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად სხვადასხვა ჯგუფის პოზიციებისა, რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ერთი ჯგუფის მიერ მართულად არ უნდა განიხილებოდნენ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, გაუხარდება თუკი ხელისუფლება დაინახავს, რომ ხალხის მართვა არ შეუძლია და გადადგება.
მენაბდე ასევე აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორების კონკრეტული გეგმა მისთვის უცნობია და ისინი სხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებულები არ არიან.
„კონკრეტული გეგმა, რა აქვს ჯგუფს, ვინც ეს დღე დაანონსა, მან უნდა გვითხრას. მე ვერ მოვისმინე რა არის კონკრეტული გეგმა. ხალხს აქვს უფლება 1-ელში, 4-ში, 7-ში გამოვიდეს, რა რაოდენობითაც უნდა და რა მოთხოვნითაც. მშვიდობიანად მოითხოვს ცვლიელები, მათ შორის, მთავრობის ცვლილებები.
მე წარმომიდგენია, რომ 4 ოქტომბერი იქნება ერთი დიდი შეკრება, რომელიც ხელისუფლებას მოსთხოვს ახალი არჩევნების დანიშნავს და პატიმრების გათავისუფლებას. ძალიან გამიხარდება თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ ხალხის მართვა არ შეუძლია და გადადგება. ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ შეკრების ორგანიზატორები არიან, არავისთან შეუთანხმებიათ, ამიტომ ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ ამ გეგმაში, რომელიც ჩვენთვის არავინ გაუნდვია.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ძალიან ბევრი ადამიანი მივა, მათ შორის, მივლენ ისინი, ვინც ეს გეგმა წარმოადგინეს, ასევე, ისინი, ვისაც ეს გეგმა საერთოდ არ აინტერესებს, რადგან 300 დღეა დადის და 301-ე დღესაც მივა. რუსთაველზე 4 ოქტომბერს მისული ადამიანები არ უნდა აღვიქვათ, როგორც ერთი ჯგუფის მიერ მართული ხალხი“,- განაცხადა მენაბდემ.
ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ძალა მისი ჰორიზონტალური სტრუქტურაა.
მისივე თქმით, მცდელობა, რომ რომელიმე ლიდერმა ხალხს თავისი ნება დაუწესოს, მიუღებელია და საფრთხეს უქმნის პროტესტის არსს.
„მთავარი ღირებულება, რაც რუსთაველის გამზირის პროტესტს აქვს, არის ჰორიზონტალურობა. იქ არავინ არ არის არავისზე მეტი. ყველა პასუხისმგებელია საკუთარ თავზე, საკუთარ ჯგუფზე და მომხრეებზე. ყველაზე ცუდი არის, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ან ლიდერი ცდილობს ეს თანასწორობა დაარღვიოს და შემოიტანოს იერარქია და თქვას, რომ მე რასაც გეტყვით ის გააკეტეთ. ეს არ გავა ნათელია, მაგრამ სურვილი რომ აქვთ და ამ ჰორიზონტალურობას უქმნის საფრთხეს, არ არის მისაღები. არავინ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ წავიდეს ხალხის ნების წინააღმდეგ, საკუთარ თავს მისცეს უფლება, ხალხს უთხრას, რა უნდა გააკეთოს“,- განაცხადა მენაბდემ.
კითხვაზე, ვის ორგანიზებაზეა დამოკიდებული ხელისუფლების შეცვლა: პარტიების თუ სამოქალაქო საზოგადოების, მენაბდე პასუხობს, რომ პარტიებს ხედვა არ აქვთ, ამიტომ საზოგადოება მათში მძლავრ ალტერნატივას ვერ ხედავს.
ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე წინააღმდეგობა ძლიერია იმით, რომ მას ვერ მართავს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია.
მისი თქმით, ეს ტაქტიკურადაც დადებითია, რადგან ხელისუფლებას უჭირს კონკრეტული ლიდერების „განეიტრალებით“ პროტესტის ჩაშლა.
“კარგია, რომ რუსთაველის გამზირის წინააღმდეგობას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მართავს. ეს კარგია, მათ შორის ტაქტიკურადაც, რეჟიმს უჭირს მოიხელთოს, თორემ 1-2 ლიდერი თუ ჰყავს გაანეიტრალებს და წინააღმდეგობა ჩამოიშლება. მაგრამ, ამასთან პრობლემა არის იმაში, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ხედვა. ისინი თავიანთ მწირე რესურს ვერ იყენებენ – ვერ იყენებენ კომუნიკაციისთვის, ელექტორატის გასაზრდელად, მხარდამჭერების გასაზრდელად, იმ კითხვებზე პასუხის გასაზრდელად, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს,
მეორე პრობლემა არის ის,რომ პირველი პრობლემიდან გამომიდინარე საზოგადოება ვერ ხედვას მძლავრ ალტერნატივას. მარტო იმის თქმა არ კმარა, რომ „მე ვიქნები პროდასავლური, მშვიდობიან დემონსტრაციების არ დავარბევ.“ საჭიროა კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ მოაგვარებ ამ ადამიანების პრობლემას“,- განაცხადა მენაბდემ.




