სამოქალაქო მშვიდობას ამ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება – „ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ვეღარ შეძლებს ამის [ვითარების] მართვას, – ამის
შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ვახუშტი მენაბდის თქმით, კრიზისი „ქართულმა ოცნებამ“ იმ იმედით შექმნა, რომ გაუმკლავდებოდა, მაგრამ არ აღმოაჩნდა მექანიზმი.
„გვყავს რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ძალას ეყრდნობა. ის კანონით კი არ მართავს, ერთადერთი, რითაც იკავებს დღეს ძალაუფლებას, არის სახელმწიფო ვერტიკალი და უხეში ძალა. ეს არის საკმაოდ სახიფათო ვითარება, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადავიდეს უმართავ პროცესებში. ვინ შექმნა ეს ვითარება? – ცხადია „ქართულმა ოცნებამ“. მან მანიპულირება გაუკეთა არჩევნებს, მან საქართველოს ისტორიული საგარეო კურსი ერთ დღეში შემოატრიალა, გამოიყენა გაუგონარი ძალადობის მეთოდები და დღემდე არის დევნა, დაუპირისპირდა ფაქტობრივად მთელ ქვეყანას. ეს არის ფაქტობრივად კლასობრივი ფაშიზმი.
„ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ვეღარ შეძლებს ამის მართვას, ხიშტებზე დიდი ხანი ვერ დადგება, შეუძლებელია ამის გაკეთება. [ხელისუფლებას] ჭირდება საზოგადოების რაღაც ნაწილის თანხმობა და ამ თანხმობას უფრო და უფრო დიდი რყევები ელის წინ. ყოველ დღე იღვიძებ და რაღაც კიდევ ერთი ღირსების შემლახავი და უსამართლო ამბავი ხდება. შეუძლებელია ამან რაღაც მომენტში არ მიაღწიოს კრიტიკულ ზღვარს.
კრიზისი შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ იმ იმედით, რომ ამ კრიზისს გაუმკლავდებოდა, მაგრამ არ აღმოაჩნდა კრიზისის გამკლავების მექანიზმი. ვერ გათვალა საზოგადოების რეაქცია და ახლა როგორ არის იცით? – წყალი რომ აწვება ბევრ ადგილას გახვრეტილ ვარცლს და შენ ცდილობ წებოვანი ქაღალდით გააჩერო. ცოტა ხანს აჩერებ, მაგრამ ისევ ამოხეთქავს. რუსთაველზე ხალხი შეამცირა, ჭიათურაში გამოვიდა ხალხი, ჭიათურაში რაღაცას თუ მოახერხებს, ტყიბულში გამოვა, შუქრუთში გამოვა. ყველგან რაღაც ხდება იმიტომ, რომ სამოქალაქო მშვიდობას ემუქრება ამ ქვეყანაში საფრთხე“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
ასევე, კითხვაზე, რომ „კრიზისის განმუხტვის მიზნით ხშირად მიმართავენ სხვადასხვა მექანიზმს, მათ შორის ნიშნავენ პლებისციტს და რას ფიქრობს ამ იდეაზე, რამდენად განმუხტავდა პოლიტიკურ კრიზისს მოსახლეობისთვის კითხვის დასმა: „სურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები“, ვახუშტი მენაბდე პასუხობს, რომ თუ ჩიხური სიტუაციაა და ვერც პროტესტი მიდის წინ და ვერც ხელისუფლება, მაშინ „დიახ, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკების სივრცის ძიება, მაგრამ ჯერ უნდა შევაფასოთ, არის კი წინააღმდეგობის ყველა ძალა გამოყენებული?“.
„ჩემი აზრი მკაფიოა, ქართველ ხალხს უნდა ახალი საპარლამენტო არჩევნები. აქ იმაზე არ არის საქმე, „ოცნებას“ ახალი არჩევნები არ მოსწონს და პლებისციტი მოეწონება, ეს იდეა არ მოსწონს და ის იდეა მოეწონება. ჩვენ რაციონალურ დისკუსიასთან ხომ არ გვაქვს საქმე, რომ მოდი ქართველ ხალხს როგორ გავუკეთო სიკეთე და ქართველი ხალხის ინტერესები ჯერ გავიგო და შემდეგ როგორ გავითვალისწინო. ამაზე არ არის ახლა ლაპარაკი, არამედ ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალაუფლება ხელში ჩაგდებული და არ უნდა ამის გაშვება იმიტომ, რომ ეშინია ყველაფერს დაკარგავს. აქ ჩვენ გონივრული არგუმენტების იმედად კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი ძალის იმედად. თუ „ქართული ოცნება“ ნახავს, რომ საზოგადოებაში დასაყრდენი აღარ გააჩნია, თუ მისი აპარატი ვეღარ იფუნქციონირებს, აღარ დაემორჩილება, ის იძულებული იქნება წამოვიდეს დათმობებზე. თუ ჩვენ იმის ძალა გვაქვს, რომ „ქართლი ოცნება“ დავარწმუნოთ იმაში, რომ ქართველი ხალხის აზრი გაითვალისწინოს, მაშინ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ის, რაც სამართლიანი გვგონია და რაც არის ჩვენი მაქსიმუმი, მაგრამ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა ჩიხია, ვერც ჩვენ მივდივართ წინ და ვერც „ოცნება“ ვერ ახერხებს კრიზისის ჩახშობას და ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, თუ ეს არის ჩვენი დასკვნა მაშინ, დიახ, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკების სივრცის ძიება, მაგრამ ჯერ უნდა შევაფასოთ, არის კი წინააღმდეგობის ყველა ძალა გამოყენებული?“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
