ვახუშტი მენაბდე – უნდა გადავიდეთ ორგანიზებულ პროტესტზე

ჩვენ უნდა გადავიდეთ ორგანიზებულ პროტესტზე , – ამის შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
როგორც მან ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე საუბრისას განაცხადა, ორგანიზებულ პროტესტი არ ნიშნავს მასში „ყბადაღებულ ლიდერების“ მონაწილეობას.
მისივე თქმით, პროტესტი არსად წასულა და საჭიროა, მდგრადობა შეინარჩუნოს.
„მჯერა, რომ მშვიდობიანი ბრძოლით და ტაქტიკით ცვლილებას მივაღწევთ. დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა ინტერესების თუ მსოფლმხედველობის მიხედვით საზოგადოების კონსოლიდირება. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ნელ-ნელა ერთიანდებიან, ერთმანეთს პოულობენ და იწყებენ ერთობლივ მოქმედებას – ეს არის ერთიანი სტრატეგიის დასახვა, მოქმედებების თანმიმდევრობის განსაზღვრა და ამის მეთოდურად განხორციელება. რატომ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი ერთ-ერთი ეფექტური შენაკადი? იმიტომ, რომ ეს არის მდგრადი, თავისი დღის წესრიგის მქონე მიმართულება. რაც უფრო მეტი მიმართულება გაჩნდება, არის ძალიან კარგი.
დეკემბრის დასაწყისში სხვა ეტაპზე ვიყავით, ეს იყო ინდივიდუალური პროცესი, მაგრამ რადგან იყო აფექტი, ის დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ორგანიზებულ პროტესტზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვლაპარაკობ ყბადაღებულ ლიდერებზე, პირიქით ეს უნდა იყოს ჰორიზონტალური, ჯგუფის შიგნით ჰორიზონტალური.
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მდგრადობა. პროტესტი არსად წასულა, უბრალოდ შეუძლებელია 5 თვის განმავლობაში ადამიანები ქუჩაში იდგნენ. ის ხალხი, ვინც ამას არ აკეთებენ, არ ნიშნავს იმას, რომ გაბრაზებულები არ არიან, უბრალოდ სუბიექტური მიზეზები აქვთ. როცა საჭირო გახდება, ხალხი აუცილებლად გამოვა.
კონკრეტული თარიღები აჩვენებს იმას, რომ პროტესტი არის, ხალხი გამოდის“, – განაცხადა მენაბდემ.

ასევე დაგაინტერესებთ