ვახუშტი მენაბდე პარტიების აკრძალვაზე – „ოცნება“ პოლიტიკური ველის ოპონენტებისგან გაწმენდასა და ალტერნატივის განადგურებას ცდილობს – ასე გააკეთეს პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა

„ქართული ოცნება“ აცნობიერებს რა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი უფრო და უფრო მეტად ეცემა, პოლიტიკური ველის ოპონენტებისგან გაწმენდასა და ალტერნატივის განადგურებას ცდილობს, – ამ კონტექსტში აფასებს კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე პარტიების აკრძალვის და აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესახებ “ქართული ოცნების“ კანონებს და დაანონსებულ კონსტიტუციურ სარჩელს.
მენაბდის შეფასებით, მმართველ პარტიას სურს, საზოგადოება იმ მოცემულობის წინაშე დააყენოს, როცა არჩევნებში “ქართული ოცნების“ გარდა სხვა ალტერნატივა არ ექნება და მმართველობა ამ გზით გაიხანგრძლივოს.
მენაბდის თქმით, ეს ასე გააკეთეს პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა.
რაც შეეხება პარტიების ასაკრძალ კანონზე “ლელო – ძლიერი საქართველოს“ საკონსტიტუციო სარჩელს, მენაბდის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, სარჩელს სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტივა არ გააჩნია, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკურ ბრძოლაში გამოსაყენებელი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რათა ამ გზით საკითხის აქტუალიზება მოახდინოს.
“პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი ვითარება უნდა შევაფასოთ. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად “ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ არის. საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფი ერთი-ორი მოსამართლე, რომლებიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, ამინდს ვერ ცვლიან. ნებისმიერი ასეთი სარჩელი, იურიდიულად როგორი გამართულიც არ უნდა იყოს, მარცხისთვის არის განწირული.
ცხადია, ეს სარჩელის ავტორებსაც ესმით. არა მგონია, რომ სარჩელს სამართლებრივი მიზნები ჰქონდეს. როგორც ვხვდები, მას უფრო მეტად საზოგადოებაში აღნიშნული თემის წამოწევისა და აქტუალიზაციის განზომილება აქვს. ვფიქრობ, სარჩელს სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მაინც იმ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, რაც მისთვის ხელსაყრელი იქნება.
ჩვენ ზუსტად არც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო სარჩელი ვიცით და არც – „ლელოს“ სარჩელი. ჩვენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ და მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მოითხოვონ, ხოლო ამ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკაში მონაწილეობა აუკრძალონ. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა პოლიტიკური ველი ოპონენტებისგან გაწმინდოს.
„ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ მისი რეიტინგი უფრო და უფრო მეტად ეცემა. მას უფრო და უფრო მეტად გაუჭირდება მმართველობის შენარჩუნება არა მხოლოდ იმის გამო, რომ უმრავლესობა მხარს არ უჭერს, არამედ იმის გამო, რომ იარსებებს საზოგადოების კრიტიკული მასა, რომლის პირობებშიც „ქართულ ოცნებას“ ვერავითარი გაყალბება და მანიპულაცია არჩევნებს ვეღარ მოაგებინებს. „ქართული ოცნება“ წარმოიდგენს რა ამგვარ მომავალს, ცდილობს, ამ მომავლის როგორღაც თავიდან არიდებას.
ამის ერთ-ერთი გზა არის ის, რომ ალტერნატივა გაანადგურო. თუ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ გარდა სხვა ალტერნატივა არ ექნება, ვისაც არჩევნებში მხარს დაუჭრეს, ეს „ქართული ოცნების“ ამოცანას – რაც შეიძლება მეტად გაიხანგრძლივოს მმართველობა – გაადვილებს. მეორე მხრივ, ოპოზიციურ ველს პროქსი პარტიებით შეავსებს, რომლებიც მათ საფრთხეს არ შეუქმნის.
ასე გააკეთა პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა!“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
„ლელო – ძლიერი საქართველო“ პარტიების აკრძალვის და აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ “ქართული ოცნების“ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. “ლელო-ძლიერი საქართველო“ კონსტიტუციური სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში 27 ოქტომბერს შეიტანს. ამასთან, პარტიის ინფორმაციით, მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.