ვახუშტი მენაბდე – მიღებული კანონის მიზანია მოქალაქეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი გამოხატონ – პოლიტიკური პარტიებისგან ვითხოვთ იმას, რომ იმოქმედონ რუსთაველის გამზირის მიღმა, პირისპირ შეხვდნენ მოქალაქეებს

ხელისუფლება იძულებული გახდა და გადაწყვიტა, რომ წინასწარ, პრევენციულად დააშინოს და ამით შეამციროს წინააღმდეგობის რაოდენობა,- ამის შესახებ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს გადაადგილებაში დაბრკოლებები არ ექმნებათ, მაშინ როდესაც ადგილზე აქციის მონაწილეები იმყოფებიან.
მისი შეფასებით, კანონის მიზანია მოქალაქეებს შეუქმნას დაბრკოლება და არ მიეცეთ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ წინასწარ შეიკრიბონ როგორც ღია ცის ქვეშ, ისე შენობაში და გამოხატონ საკუთარი პროტესტი.
ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი, როგორც არა მონაწილე, არამედ როგორც გამვლელი – ფეხით მოსიარულეს რანგში, მან იცის, რომ არავითარი დისკომფორტი და შეფერხება ფეხით მოსიარულეებს რუსთაველზე არ ექმნებათ. გზა რომ იყოს გადაკეტილი ბარიკადებით, გავლა იყოს შეუძლებელი, მაშინ ამაზე დისკუსია შესაძლებელი იქნებოდა. ასეთი რამ რუსთაველზე არ ხდება. ადამიანები არიან შეკრებილები, ხოლო ვისაც უნდა გავლა – გაივლის.
ამ კანონის მიზანი ცხადია – შეუქმნას დაბრკოლება მოქალაქეებს, არ მისცეს შესაძლებლობა საკუთარი პროტესტი გამოხატონ. ძალიან მალე შეიძლება მივიდეთ ნებართვებამდე, შეიძლება საერთოდ აიკრძალოს პროტესტი და ა.შ“,- განაცხადა მენაბდემ.
მენაბდის შეფასებით, შეკრება-მანიფესტაცია პირდაპირი დემოკრატიის გამოხატულებაა, რაც ნებისმიერ ხელისუფლებას აყენებს გამოწვევის წინაშე. მისივე თქმით, მშვიდობიანი მანიფესტაციები ხელისუფლებისთვის ყოველთვის ქმნის როგორც ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ კითხვებს, ისე დისკომფორტს.
„ქართულ ოცნებას“ ეს მანიფესტაცია, ერთის მხრივ, უქმნის ლეგიტიმაციის პრობლემას, მეორეს მხრივ – დისკომფორტს. როდესაც შეკრება-მანიფესტაცია იმართება ეს არის პირდაპირი დემოკრატიის გამოხატულება. ეს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ნებისმიერ ხელისუფლებას უქმნის პრობლემას. ბულგარეთში ხელისუფლება გადადგა იმის გამო, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. როდესაც ხალხი დგას ქუჩაში ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არ ვრცელდება ხელისუფლების ძალაუფლება. ამის მოსპობა უნდა რეჟიმს. ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ის, რომ არ ეგუება განსხვავებულ აზრს.
ჩნდება კითხვა- რატომ მაინცდამაინც ახლა? აქამდე ასე პირდაპირ ხომ არ ამბობდა „ქართული ოცნება“, უფრო შეფარული შეზღუდვები შემოჰქონდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ დინამიკას თუ როგორ გაამკაცრა შეკრება-მანიფესტაციების კანონმდებლობა. როგორ შეუქმნა უფრო და უფრო მეტი დაბრკოლება პროტესტის მონაწილეებს“,- განაცხადა მენაბდემ.
მისი შეფასებით, ხელისუფლება მიზანმიმართული პროპაგანდითა და პრევენციული კანონმდებლობით ცდილობს საზოგადოებრივი წინააღმდეგობის შესუსტებას.
„პროპაგანდას სჭირდება დრო საზოგადოებრივი აზრის დამუშავებისთვის. ერთბაშად არ მუშაობას, ამიტომ უნდა იმუშაოს ნელ-ნელა. ჯერ საზოგადოება უნდა შეაგუოს ერთ ფორმას. ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ გადავიდეს მეორეზე და მესამეზე. ყველაზე ავტორიტარული რეჟიმიც კი ერიდება ადამიანების უფლებების ღიად შელახვას. ხელისუფლებისთვის მარტო ის კი არ არის საკმარისი შენ დაისაჯო აქციაზე ყოფნისთვის, მას სჭირდება პრევენციული გაფრთხილებაც იმაზე, რომ თუ შენ გახვალ, მე შენ დაგიჭერ! ხელისუფლება იძულებული გახდა და გადაწყვიტა, რომ წინასწარ, პრევენციულად დააშინოს და ამით შეამციროს წინააღმდეგობის რაოდენობა“,- განაცხადა მენაბდემ.
მენაბდე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, იმოქმედონ რუსთაველის გამზირის მიღმა და მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციაზე გადავიდნენ.
„პოლიტიკური პარტიებისგან ვითხოვთ იმას, რომ იმოქმედონ რუსთაველის გამზირის მიღმა. იმოქმედონ ქალაქის უბნებში, სხვა ქალაქებში, სოფლებში, ჩამოაყალიბონ ხედვები თუ როგორ გაუმკლავდებიან პრობლემებს, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებს. პირისპირ შეხვდნენ მათ. „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდაში ვერ გავეჯიბრებით, ამიტომ ჭკუა უნდა იხმარონ, ტაქტიკური ცვლილება უნდა გააკეთო. როდესაც რეჟიმი პროპაგანდაში ასიათასობით ლარს ხარჯავს, შენ კი გადარჩენის ამოცანები გიდგას წინ, ხომ გასაგებია რომ პროპაგანდაში ვერ გაეჯიბრები?! ამიტომ, უნდა დაიწყო ის, რასაც არ აკეთებს – უნდა დაიწყო პირისპირ შეხვედრები. პრობლემებზე საუბარი უნდა გახდეს ახალი პოლიტიკური ეთიკის ჩამოყალიბების საფუძველი ამ ქვეყანაში. პარტიებმა უნდა გაიგონ, რომ ადამიანებს ელაპარაკონ და უპასუხონ გულწრფელად“, – განაცხადა მენაბდემ.