პარლამენტს საერთოდ არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის. ამ კენჭისყრით მან თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება, რომელიც ასევე აკრძალულია კონსტიტუციით , – ასე შეაფასა კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ XI მოწვევის პარლამენტი და მისი უფლებამოსილება.
ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ ისაუბრა იმაზე, თუ რა ტიპის გადაწყვეტილების მიღებაა შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ხელი შეეშალა დღევანდელი სხდომისთვის. კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ პარლამენტს უფლებამოსილება ექნებოდა მოეწვია XI მოწვევის პარლამენტი თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დასაშვებად არ ცნობდა სარჩელებს.
„ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, პარლამენტს უფლება არ აქვს იმსჯელოს პარლამენტის წვერთა უფლებამოსილების ცნობაზე.
მოდი, ვთქვათ რა შემთხვევაში ექნებოდა უფლება პარლამენტს: იმ შემთხვევაში თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დასაშვებად არ ცნობდა ამ სარჩელებს, მაგრამ ასეთი რამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გაუკეთებია. ან თუ დასაშვებად ცნობდა, მაგრამ შემდგომ არ დააკმაყოფილებდა სარჩლებს, არც ერთი მომხდარა, არც მეორე, ამდენად პარლამენტს საერთოდ არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის. ამ კენჭისყრით მან თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება, რომელიც ასევე აკრძალულია კონსტიტუციით.
ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული ყველა გზა. ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რაც კი ვინმეს თავში მოუვა, რომ მას არ შერჩეს ხელისუფლების მიტაცება. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება შეიძლება შემდეგში ისეთი რაღაცები ჩაიდინოს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფებს“, – განაცხადა ხმალაძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, ხმალაძე განმარტავს, რომ შესაძლებელია თუ სწორი მოსარჩელეები იქნებიან.
„რამდენადაც ვიცი შესაძლებელია თუ სწორი მოსარჩელეები იქნებიან. ვიცი ერთი რამ, რომ არსებობს იმ სუბიექტთა წრე, რომელსაც შეუძლია არჩევნებთან დაკავშირებით მიმართოს სტრასბურგს. ის, რომ ხელისუფლებაზე სხვადასხვა ზემოქმედება განხორციელდეს, რომ ის დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, ამაზე უნდა ვთქვა ერთი რამ, რომ კონსტიტუცია არის ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი უფლებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუციასაც სჭირდება დაცვა. როდესაც ვინმე ცდილობს დაარღვიოს კონსტიტუცია, ჩვენ კონსტიტუცია უნდა დავიცვათ. ვინ ვართ ჩვენ? – ხალხმა უნდა დავიცვათ. კონსტიტუციაში წერია, არავის აქვს უფლება ხელისუფლება მიიტაცოს . ეს ტყუილად კი არ წერია. ასეთი რაღაცები მომხდარა და მოხდება კიდეც“,- აღნიშნავს ხმალაძე,
კონსტიტუციონალისტი, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავს.
„პასუხი არის მარტივი: ეს არის ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნები – პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ეს არის ის ქმედითი იარაღი, რაც წერია კონსტიტუციური სამართლის ყველა სახელმძღვანელოში, რომ რიგგარეშე არჩევნები ინიშნება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, მაგრამ „ქართული ოცნების“ თავში ეს არ შედის“, – განაცხადა ხმალაძემ.